ТАСС: რუსეთის მხარე მინსკში გამართული მოლაპარაკებების შედეგით კმაყოფილია

პუბლიკა

რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი დიალოგი რეგულარული გახდება. ამის შესახებ სააგენტო ТАСС-ს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაილ გალუზინმა განუცხადა. გალუზინმა მინსკში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, გიორგი ზურაბაშვილთან, გამართული შეხვედრის შედეგებზე ისაუბრა.

„შეთანხმებულია, რომ რუსეთ-საქართველოს პირდაპირი დიალოგი ახალი ფორმატით რეგულარულ საფუძველზე წარიმართება“, –  განაცხადა მან ТАСС-თან.

როგორც გამოცემა წერს, გალუზინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის მხარე მოლაპარაკებების შედეგებით კმაყოფილია. მინისტრის მოადგილის თქმით, შეხვედრაზე აღინიშნა ორმხრივი ინტერესის სფეროებში პრაქტიკული თანამშრომლობის გაფართოების მნიშვნელოვანი პოტენციალი.

„რუსეთის მხარემ ინფორმაცია მიაწოდა იმ ღონისძიებების შესახებ, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ბაზარზე ქართული სასოფლო-სამეურნეო და ღვინის პროდუქციის მიწოდების შემდგომი ზრდის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. ქართული მხარის ინიციატივით, შეთანხმდა საავტომობილო გადაზიდვებისთვის დამატებითი ნებართვების გაცემა“, – განაცხადა გალუზინმა.

გალუზინმა ასევე აღნიშნა, რომ შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს აქტუალური საერთაშორისო საკითხები, აგრეთვე რეგიონული უსაფრთხოების პრობლემატიკა, იმ პრინციპიდან გამომდინარე, რომ რეგიონში არსებული პრობლემების მოგვარებაზე პასუხისმგებლობა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებსა და მათ უშუალო მეზობლებს ეკისრებათ.

„ორივე მხარემ გამოხატა მზადყოფნა კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროში კავშირების ეტაპობრივი მოწესრიგებისა და ხალხთა შორის კონტაქტების გაძლიერების მიმართულებით“, –  თქვა გალუზინმა.

როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ, ბრიფინგზე განაცხადა, საქართველოს რუსეთის მიმართ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივით არ მიუმართავს.

19 ნოემბერს ბელორუსის დედაქალაქ მინსკში მაკა ბოჭორიშვილის მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი და სერგეი ლავროვის მოადგილე მიხეილ გალუზინი შეხვდნენ. რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, ისინი „ურთიერთობების შემდგომი განვითარების მიზნით კონტაქტების გაძლიერებაზე“ შეთანხმდნენ. მათივე თქმით, შეხვედრა რუსეთ-საქართველოს განახლებული პირდაპირი დიალოგის ფარგლებში გაიმართა.

გიორგი ზურაბაშვილი 21 ოქტომბრიდან პრემიერის სპეციალურ წარმომადგენლად არის დანიშნული რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში.