ნოდარ ჩაჩუა: კაბინეტში იყო ამ ტიპის საუბარი - „ახლა ამ დუბინკით გაგაუპატიურებ და ქათამს გაგიშვებ ციხეში“

პუბლიკა

ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ყოფილი ჟურნალისტი, ნოდარ ჩაჩუა ამბობს, რომ მას დაკავების დროს გაუპატიურებით ემუქრებოდნენ. ამის შესახებ მან სასამართლო პროცესზე განაცხადა.

„მას შემდეგ რაც დამაკავეს, დაახლოებით ორი საათის განმავლობაში პოლიციის ორ თანამშრომელს ჰქონდათ გარკვეული ტიპის მოთხოვნები. მე არ ვიცი, ვინ იყვნენ ისინი. ითხოვდნენ სხვადასხვა ტიპის ინფორმაციას სხვა საქმესთან დაკავშირებით, რომელზეც მე საქმის კურსში არ ვიყავი.

იყო ასევე ძალადობა, მუქარა, ფიზიკური შეურაცხყოფა და ასე შემდეგ, რასაც, საბოლოო ჯამში, მოჰყვა ჩემივე ზეწოლისთვის ჩემი მეუღლის დაკავებაც…

ერთი მათგანის სიტყვიერი მუქარა და უხეშობა გაგრძელდა განყოფილებაში მიყვანის შემდეგაც. კაბინეტში. სახელები არ ვიცი ამ ადამიანების, მაგრამ მათ რომ დავინახავ, შემიძლია ამოვიცნო…

ვინმე რონის ეკონტაქტებოდნენ მთელი ამ დროის განმავლობაში ტელეფონით და ის აკონტროლებდა მთელ ამ პროცესს…

იყო დარტყმა, მუქარა, შემდეგ კაბინეტში იქვე რაღაცა „დუბინკა“ [იდო] და იყო ამ ტიპის საუბარი – ახლა ამ დუბინკით გაგაუპატიურებ და ქათამს გაგიშვებ ციხეში“. ეს უკვე ხდებოდა განყოფილებაში, კაბინეტში“, – თქვა ჩაჩუამ.

11 ნოემბერს ნოდარ ჩაჩუამ ციხიდან წერილი გაავრცელა, რომელშიც ის პოლიციის მხრიდან ოჯახის წევრებზე ზეწოლაზე საუბრობს.

ჩაჩუას თქმით, მისი დაკავების „გასაპრავებლად“ ზეწოლა ხორციელდებოდა მის მეუღლეზე, ლალო ბერიაზე, რათა მას ეღიარებინა, რომ ჩხრეკისას ჩაჩუასთვის ამოღებული „5 გრამი აკრძალული ნივთიერების“ შესახებ იცოდა.

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ყოფილი ჟურნალისტი წერილში ასევე საუბრობს დაკავების მომენტში პოლიციის მხრიდან მუქარასა და დაშინებაზე.

ამავე წერილში ნოდარ ჩაჩუა აღნიშნავდა, რომ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები მისგან სხვა პირების დასახელებასა და მათ წინააღმდეგ ჩვენების მიცემას მოითხოვდნენ.

იმავე დღესვე შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა და ჩაჩუას  ბრალდებებს „ცრუ და დაუსაბუთებელი“ უწოდა. უწყებამ განცხადებასთან ერთად 16-წამიანი ფარული ვიდეოჩანაწერიც გამოაქვეყნა.

როგორც სამინისტრო განმარტავს, „საქმეზე საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები კანონის სრული დაცვით ჩატარდა“ და ცოლ-ქმრისადმი წარდგენილი ბრალდებები საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას ეფუძნება, მათ შორის, ფარულ აუდიო-ვიდეოჩანაწერს, რომლის მიხედვითაც, როგორც შსს ამბობს, „უტყუარად” დასტურდება ნოდარ ჩაჩუას მიერ „ნარკოტიკული საშუალება „კოკაინის“ რეალიზაციის ფაქტი”. უწყების თქმითვე, აღნიშნულს ნოდარ ჩაჩუას მეუღლე, ლალი ბერიაც ესწრებოდა.

იმავე დღესვე ცნობილი გახდა, რომ ჩაჩუას ცოლს, ლალო ბერიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა.

„აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ლალი ბერიამ სრულად აღიარა და მოინანია მის მიერ ჩადენილი დანაშაული, რის შემდეგაც მასთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება შემდეგი პირობებით: 6 თვით თავისუფლების აღკვეთა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, 3 წლით პირობითი მსჯავრი და 3 000 ლარის ოდენობით ჯარიმა”, – წერს შსს.


ნოდარ ჩაჩუა 6 ოქტომბერს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენის, შენახვისა და რეალიზაციის ბრალდებით დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

ნოდარ ჩაჩუას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით: 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, 260-ე ტერცია მუხლის მეოთხე ნაწილით, 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი. ბრალდება სასჯელის სახით 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.