კვირის დაიჯესტი - ამბები მოკლედ ( 20/11/26 - 27/11/26)

პუბლიკა

26 ნოემბრის საღამო ბათუმში ხმაურიანი იყო. თურქეთის „ბეშიქთაშისა“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩზე თურქ გულშემატკივრებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირება იყო. გულშემატკივრებმა სკამები დაამტვრიეს და პოლიციელებს დაესხნენ თავს. სამართალდამცავებმა წიწაკის სპრეი გამოიყენეს და მობილიზდა სპეცრაზმიც. შსს-ს განცხადებით, დაშავდა 3 პოლიციელი და დააკავეს 16 პირი, რომელთა უმრავლესობა მალევე გათავისუფლდა. UEFA-ს განმარტებით, პოლიცია თავდაპირველად „ბეშიქთაშის“ ფანებს შორის დაპირსპირების გასანეიტრალებლად ჩაერია.

თურქეთის ხელისუფლებამ  ქართულ მხარესთან „არაპროპორციული ძალის“ გამოყენების გამო უკმაყოფილება გამოთქვა.

სააპელაციო სასამართლომ „ნიკე-ლუსოს“ ყოფილი პრეზიდენტი გაუპატიურებაში დამნაშავედ ცნო

სააპელაციო სასამართლომ შეცვალა პირველი ინსტანციის გამამართლებელი განაჩენი და ქალთა საფეხბურთო კლუბ „ნიკე-ლუსოს“ ყოფილი პრეზიდენტი მეჰმეთ უიარი ამავე კლუბის 20 წლის ფეხბურთელის გაუპატიურებაში დამნაშავედ ცნო, სასჯელის სახით კი 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. დაზარალებულის ადვოკატის, ანა თავხელიძის ინფორმაციით, სხდომას თავად მსჯავრდებული არ დასწრებია, შესაბამისად, უცნობია, იმყოფება თუ არა იგი საქართველოში და პოლიციაში გამოუცხადებლობის შემთხვევაში მასზე ძებნა გამოცხადდება.

2 წელი ევროინტეგრაციის შეჩერებიდან

28 ნოემბერს, ორი წელი სრულდება მას შემდეგ, რაც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში აღარ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს. ამ განცხადებას ქვეყანაში უწყვეტი საპროტესტო აქციების ტალღა, დასავლელი პარტნიორების მწვავე კრიტიკა და პარტნიორობის შეჩერება მოჰყვა. ორი წლის შემდეგ, 28 ნოემბერს თბილისში აქციაა დაგეგმილი.

კობახიძე მოსკოვთან დიალოგის გაგრძელებაზე საუბრობს

ირაკლი კობახიძემ მინსკში გამართული გალუზინი-ზურაბაშვილის შეხვედრის შეფასებისას განაცხადა, რომ რუსეთთან დიალოგი უნდა გაგრძელდეს, რადგან „რუსი ხალხი ჩვენთვის ძვირფასია“. მისი თქმით, საქართველო-რუსეთს შორის მოლაპარაკებები, შესაძლოა, მინსკის შემდეგ თბილისსა და მოსკოვშიც გაიმართო. მოსკოვში შესაძლო ვიზიტზე საუბრისას მან გიორგი ზურაბაშვილის ორი თანამდებობა ერთმანეთისგან გამიჯნა და აღნიშნა, რომ იქ არა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, არამედ პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი გაემგზავრება, თუმცა ზურაბიშვილი რეალურად ორივე პოსტს ითავსებს.

ევროსაბჭო: აპრილ–სექტემბერში აფხაზეთსა და ცხინვალში 35 უკანონო წვრთნა ჩატარდა და საჰაერო სივრცე 18-ჯერ დაირღვა

ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, ალენ ბერსეს ახალ ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2026 წლის აპრილიდან სექტემბრამდე აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ჩატარებული 35 უკანონო სამხედრო წვრთნა, საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის 18 შემთხვევა და სამხედრო ინფრასტრუქტურის გაძლიერება სისტემური მილიტარიზაციის ტენდენციაზე მიუთითებს.

თორნიკე რაზმაძე გამოძიების დაწყებას ითხოვს

აქტივისტი და ბლოგერი თორნიკე რაზმაძე აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ სამთავრობო მედიითა და პროპაგანდისტული არხებით მიმდინარეობს კამპანია – სოციალურ ქსელებში ვრცელდება რაზმაძის ტელეფონის ნომერი და ყალბი ვიდეოები, თითქოს ის ნარკოტიკული საშუალებებით ვაჭრობს. რაზმაძე გამოძიების დაწყებას ითხოვს.  „მითების დეტექტორის“ ცნობით, ვიდეოები ხელოვნური ინტელექტითაა შექმნილი.

სხვა სიახლეები

  • სერგეი ლავროვის თქმით, რუსეთი საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებითაა დაინტერესებული.
  • სინდისის პატიმრებმა გიორგი მინდაძემ, ანრი კვარაცხელიამ, ნიკოლოზ ჯავახიშვილმა, დავით ლომიძემ, თემურ ზასოხაშვილმა, გიორგი ოკმელაშვილმა და გიორგი მეღვინეთუხუცესმა 23 ნოემბერს საპატიმრო დატოვეს. ისინი ყაველაშვილის მიერ შეწყალებულთა სიაში მოხვდნენ.
  • 2024 წელს მიმდინარე აქციების დროს დაკავებულმა ანატოლი გიგაურმა თავისუფლების 2-წლიანი აღკვეთის შემდგეგ პენიტენციური დაწესებულება დატოვა.
  • ევროპარლამენტმა მიიღო ახალი რეზოლუცია, რომლითაც გმობს პაატა ბურჭულაძის, ირაკლი ნადირაძისა და პაატა მანჯგალაძის მიმართ გამოტანილ განაჩენებს და მოითხოვს ყველა პოლიტპატიმრის, მათ შორის მიხეილ სააკაშვილისა და მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.
  • საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ განაცხადა, რო საქართველოში სუროგაცია აიკრძალება.
  • მკაცრი რეჟიმის ციხეში მყოფი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალეკო ელისაშვილი წერს, რომ შვილებთან და ოჯახთან კომუნიკაცია უკვე ერთი წელია აკრძალული აქვს.
  • ქვემო ფონიჭალაში, 19 ნოემბერს ბუნებრივი აირის გაჟონვით გამოწვეული აფეთქებისას დაშავებული 31 წლის ილია ისაევი, რომელსაც სხეულის 87%-იანი დამწვრობა ჰქონდა მიღებული, გარდაიცვალა.
  • ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულმა ყოფილმა ჟურნალისტმა, ნოდარ ჩაჩუამ სასამართლოში განაცხადა, რომ პოლიციამ სხვა საქმეზე ინფორმაციის მოთხოვნის მიზნით ფიზიკურად იძალადა და გაუპატიურებით დაემუქრა.
  • ბოლნისის მუნიციპალიტეტში, შულავერი-შომუთეფეს კულტურის ძეგლზე  საქართველოში პირველად ნეოლითური ხანის სამარხი აღმოაჩინეს.

უცხოეთის ამბები

ფაშინიანი ამბობს, რომ რუსმა მესაზღვრეებმა სომხეთი უნდა დატოვონ

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ უახლოეს წლებში სომხეთმა სახელმწიფო საზღვრების დაცვის პასუხისმგებლობა სრულად უნდა აიღოს საკუთარ თავზე და აღნიშნა, რომ რუსმა მესაზღვრეებმა სომხეთი უნდა დატოვონ.

პუტინი პოლიტიკის „გროსმეისტერია“ – ტრამპის წარმომადგენელი

ჯარედ კუშნერმა, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სიძე და მისი სპეციალურმა წარმომადგენელია, პუტინს პოლიტიკის „გროსმეისტერი“ უწოდა.

კუშნერი უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ვაშინგტონის ერთ-ერთი მთავარი მომლაპარაკებელია.

გერმანია კიევისთვის განკუთვნილი დრონების წარმოებას 34 მილიონი ევროთი დააფინანსებს

გერმანული კომპანია Wingcopter და უკრაინული Shadow Flytech ერთობლივ საწარმოს ქმნიან, რომელიც გერმანიაში უკრაინისთვის განკუთვნილ „ბაბკას“ ტიპის სადაზვერვო დრონებს ააწყობს. საწარმოო სიმძლავრეების შესაქმნელად ბერლინი დაახლოებით 34 მილიონ ევროს გამოყოფს.

წინა დღეების უკრაინა-რუსეთის საომარი მოვლენები:

უკრაინის სპეცოპერაცია ლიბიაში

უკრაინა 23 ნოემბერს ლიბიის საპორტო ქალაქ ბენღაზის მახლობლად რუსეთის სამხედრო და სატვირთო გემებს დაესხა თავს. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ოპერაცია შვიდი უეკიპაჟო კატერით განხორციელდა. სამიზნეები იყო რუსული სატვირთო გემი, რომელსაც რუსეთი სამხედრო ტექნიკის გადასაზიდად იყენებდა, და მისი დამცველი კორვეტი „მერკური“. უკრაინის განცხადებით, თავდასხმის შედეგად ორივე გემი დაზიანდა, ხოლო ბორტზე მყოფი Ка-27 ტიპის ვერტმფრენი განადგურდა. ლიბიის ხელისუფლებამ თავდასხმა ქვეყნის სუვერენიტეტის დარღვევად შეაფასა და უკრაინისგან განმარტებები მოითხოვა.

ჩაძირული რუსული გემი ლიბიის სანაპიროზე

ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს სამხედრო დახმარების მიწოდება შეუჩერა

უკრაინის სამხედრო დაზვერვის ცნობით, ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს სამხედრო დახმარების მიწოდება შეუჩერა. მიზეზი დიპლომატიური უთანხმოებაა, რომელიც რუსეთის სამხრეთ კორეის მიმართ პოლიტიკას უკავშირდება. ჩრდილოეთ კორეა რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში ბალისტიკური რაკეტებითა და საარტილერიო ჭურვებით ამარაგებდა.

გრძელდება თავდასხმები ენერგო და სამრეწველო ობიექტებზე

გასულ დღეებში საჰაერო თავდასხმები იყო როგორც რუსეთის, ისე უკრაინის ენერგეტიკულ და სამრეწველო ინფრასტრუქტურაზე.

უკრაინული დრონების სამიზნე გახდა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები, რეზერვუარები და სადგურები სტავროპოლში, ბაშკირეთში, თათრეთში, სამარის, როსტოვისა და პერმის ოლქებში. რუსეთმა მასშტაბური იერიშები მიიტანა უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეზე და დაბომბა ელექტროსადგურები. მხოლოდ 26 ნოემბერს რუსეთის თავდასხმებს უკრაინაში ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, 40 კი დაშავდა.

ჩვენი რეკომენდაცია:

პენსიონრები სხვა პენსიონერების სამსახურში — რატომ ვერ ბრუნდებიან ქალები ემიგრაციიდან

ფილმი საპოლიციო ძალადობაზე – რატომ ვერ/არ უთმობს ეროვნული არქივი კინოდარბაზს

ვიდრე ჩამოთოვს

რუსული მახე: მშობლიური მიწის საუკეთესოები