29 სექტემბერს, ქალთა საფეხბურთობ კლუბ „ნიკე-ლუსოსთან“ მატჩზე, მსაჯის სასტვენის შემდეგ, „ლანჩხუთის“ ფეხბურთელებმა მოედანზე საპროტესტო ბანერი გაშალეს. თამაში ჩაიშალა.
მას შემდეგ ქალთა საფეხბურთო კლუბი „ლანჩხუთი“ „ნიკე-ლუსოს“ წინააღმდეგ მოედანზე აღარ გადის. 7 ნოემბერს კლუბმა განაცხადა, რომ არც 11 ნოემბრის მატჩს ითამაშებდა.
სეზონის დასაწყისში გუნდი ჩემპიონობაზე ფიქრობდა.
– ჩვენთვის მნიშვნელოვანია პირველ რიგში ადამიანობა და გვერდში დგომა და არა ჩემპიონობა და სამი ქულა – გვეუბნება გუნდის კაპიტანი, 27 წლის მცველი, ნინი ჩხარტიშვილი.
„ლანჩხუთის“ ფეხბურთელების პროტესტი გუნდ „ნიკე ლუსოსთან“ დაკავშირებულ ძალადობის შემთხვევებს და კლუბის ყოფილი მფლობელის წინააღმდეგ სექსუალური ძალადობის საქმეს უკავშირდება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ 22 სექტემბერს „ნიკე ლუსოს“ ყოფილ მფლობელსა და პრეზიდენტს, თურქ ბიზნესმენ მეჰმეთ უიარს ფეხბურთელის გაუპატიურების საქმეზე წარდგენილ ბრალდებაში გაამართლა. სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ 20 წლის ფეხბურთელმა, რომელიც უიარს გაუპატიურებაში ადანაშაულებდა, გონება დაკარგა. მოგვიანებით ის კლინიკაში გადაიყვანეს.
20 წლის ფეხბურთელი სასამართლოში აცხადებდა, რომ 2025 წლის დეკემბერში გამართული წვეულების შემდეგ უიარმა მასზე სექსუალურად იძალადა. მეჰმეთ უიარი ბრალდებას უარყოფდა და აცხადებდა, რომ ფეხბურთელთან ძალადობრივი სექსუალური კავშირი არ ჰქონია.
მეჰმეთ უიარმა საფეხბურთო კლუბი „ნიკე“, რომელიც მოგვიანებით „ნიკე ლუსო“ გახდა, 2024 წელს შეიძინა.
„ლანჩხუთის” მოთხოვნა მარტივია: მომხდარს შეფასება მიეცეს, პასუხისმგებელს კი „რეალური და პროპორციული“ სანქცია დაეკისროს.
„ლანჩხუთი“ ჩემპიონატს არ ბოიკოტს უცხადებს. ის მხოლოდ „ნიკე-ლუსოსთან“ მატჩებს თმობს. სასამართლოს გადაწყვეტილებას კლუბი არ აფასებდა და იმედოვნებდა, რომ სააპელაციო სასამართლო უფრო მკაფიო პასუხებს გასცემდა.
„ნიკე-ლუსო“ პროტესტს ცილისწამებას უწოდებს. მისი თქმით, არანაირი „ძალადობა“, რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს, არ არსებობს.
—–
ნინი ჩხარტიშვილი „ლანჩხუთში“ 2012 წლიდან თამაშობს. ბავშვობაში მის უბანში უბანში თანატოლი გოგოები არ იყვნენ და დაახლოებით 5 წლიდან ბიჭებთან ერთად უწევდა თამაში, გოგოების გუნდის შესახებ მოგვიანებით გაიგო, როცა მწვრთნელები სკოლაში კანდიდატების შესარჩევად მივიდნენ.
– რამდენიმე ბავშვი ვიყავით და როცა შესაძლებლობა იყო, ხან კვირაში ერთხელ ან ორჯერ ვიკრიბებოდით, ერთი ბურთი გვქონდა და ვთამაშობდით ისე, ერთმანეთში, ან ბიჭებს ვემატებოდით ხოლმე, – იხსენებს ჩხარტიშვილი.
დღეს გუნდი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით არსებობს. კაპიტნის თქმით, ფედერაცია თანხის „მცირე ნაწილს“ გამოყოფს, გუნდს სპონსორი არ ჰყავს.
– რომ არა თვითონ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია და მათი დახმარება, აქამდეც ვერ ვიქნებოდით, მაგრამ ეს ძალიან ცოტაა, – ამბობს ის.
ნინი ამბობს, რომ ლანჩხუთელებს ძალიან უყვართ თავიანთი გუნდი, და “როგორი ამინდიც არ უნდა იყოს, მაინც მოდიან თამაშზე და გვგულშემატკივრობენ”.
გუნდის ისტორიაში ყველაზე დიდი მატჩი ჩემპიონთა ლიგაში ითამაშა. „ლანჩხუთმა“ რუმინულ „კლუჟს“ მოუგო და ევროპის 32 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა.
– ყველა აუტსაიდერად მიგვიჩნევდა, ჩვენც ასე ვთვლიდით, – გვეუბნება ჩხარტიშვილი.
ნინო პასიკაშვილი, 34 წლის ნახევარმცველი, რომელიც „ლანჩხუთში“ ერთი სეზონია თამაშობს, მაშინ კონკურენტ „კვარტალში“ თამაშობდა. ეროვნული ნაკრები იმ დღეებში შეკრებაზე იყო და მატჩებს ყველა ერთად უყურებდა.
– არ ჰქონდა მნიშვნელობა „კვარტლიდან“ იყო, „ბათუმიდან” თუ ნებისმიერი გუნდიდან, აბსოლუტურად ყველა ვგულშემატკივრობდით. მათი გამარჯვება პრაქტიკულად ჩვენს გამარჯვებას ნიშნავდა, – ამბობს პასიკაშვილი.
ჩხარტიშვილს ვეკითხებით, შეცვალა თუ არა ამ გამარჯვებამ რამე.
– კი, ოღონდ დროებით. ყველა ჩვენზე წერდა, ყველგან ჩვენ ვიყავით, მაგრამ ძალიან მალევე დაივიწყეს ეს ყველაფერი და ჩვეულებრივად გრძელდება.
ბუცი, რომელსაც ხელფასით ვერ იყიდი
კარგი ბუცები, ჩხარტიშვილის თქმით, 250 ევროდან იწყება. გუნდში ამის საშუალება, უმრავლეობას არ აქვს.
– ხელფასიც ისეთი დაბალია ხოლმე, ამ ერთ ბუცსაც ვერ იყიდი მთლიანი ხელფასით, – ამბობს კაპიტანი.
გუნდს ცალკე სავარჯიშო დარბაზიც არ აქვს. დარბაზში სიარულსაც ბევრი ვერ ახერხებს.
– ფეხბურთელმა ფეხბურთზე იფიქროს თუ იმაზე – რა და როგორ ჭამოს, ამბობს ჩხარტიშვილი, ის სწორ კვებას გულისხმობს და არა მაინცდამაინც გაჭირვებისგან შიმშილს – ჩვენ შეკრული გუნდი ვართ, ერთობა და გვერდში დგომა არ გვაკლია, უბრალოდ ფინანსების მობილიზება ყოველთვის ენთუზიაზმით ვერ ხერხდება.
პასიკაშვილი პრობლემათა ჯაჭვს აღწერს – აკადემიების გარეშე ახალი ფეხბურთელები არ იზრდებიან, სოცმედიის გარეშე სპონსორი არ მოდის, კონკურენციის გარეშე კი ნაკრები დონეს ვერ აიწევს, „უცხოელი რომც ჩამოიყვანო“.
მათი თქმით, საზოგადოების დამოკიდებულება იცვლება, თუმცა თითოეულმა გაიარა ეტაპი, როცა აგრძნობინებდნენ გოგო ფეხბურთელი უცნაურ უცნაური მოვლენაა.
პასიკაშვილი გუნდში მამამ მიიყვანა, დაბადების დღეს, საჩუქრად. ოჯახს ყველა ეკითხებოდა, რატომ დაჰყავდა ფეხბურთზე გოგონა, მაგრამ ნინის მამას ეს არ ადარდებდა, აი ნათია ჯოჯუას, 19 წლის მცველის მამა კი თავიდან კატეგორიულად ეწინაღმდებოდა შვილის სურვილს.
– დახრილი ფეხები გექნებაო, სწავლას თავს დაანებებო, არაფერი გამოგივაო, – იხსენებს ის. – მაგრამ ახლა მამაჩემი ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარია.
ჯოჯუას ბიძასაც არ უნდოდა, რომ მას ფეხბურთი ეთამაშა. რამდენიმე თვის წინ უთხრა, რომ მის მატჩზე მისვლა უნდოდა თუმცა ვერ მოესწრო – მატჩამდე გარდაიცვალა. „დარწმუნებული ვარ რომ მაღლიდან მიყურებს და ჩემით ამაყობს”.
მეკარე სვეტლანა გაბელაია ფეხბურთში ცეკვიდან მოვიდა. პირველ ვარჯიშზე მეგობარს გაჰყვა.
– შეიძლება ათი სეივი გააკეთო და ერთი გაუშვა და გითხრან, რომ შენი ბრალია გოლი რომ გავიდა – ამბობს გაბელაია.
„ეს ერთი ჩემპიონობა არაფერს შეცვლიდა“
„ლანჩხუთი“ ჩემპიონატში დანარჩენ მატჩებს თამაშობს. „ნიკე-ლუსოს“ წინააღმდეგ – არა.
პროტესტის მიზანს ფეხბურთელები ერთნაირად აღწერენ.
– გვინდა, რომ ყველასტვის უსაფრთხო გარემო არსებობდეს, მსგავსი ფაქტები არ ხდებოდეს და დამნაშავე იყოს დასჯილი ისე, როგორც საჭიროა, – ამბობს ჩხარტიშვილი.
პასიკაშვილი უფრო მოკლედ პასუხობს.
– ჩემთვის არ არსებობს არაფერი, თუ არის ძალადობა. სუსტს რომ ძლიერი ჩაგრავს, ჩემთვის ძალადობაა.
სვეტლანა გაბელაია სასამართლოს გადაწყვეტილებასაც ეხება.
– ჩემი გადმოსახედიდან ის ადამიანი არასწორად გამოუშვეს და იმსახურებს, რომ იყოს ციხეში, – ამბობს ის.
ჩხარტიშვილის თქმით, რეგიონში და სხვა გუნდებში პროტესტს მხარს უჭერენ. გუნდების 80–90% მათ გვერდით დგას, ამბობს ის. „ნიკე-ლუსოს“ რეაქციაზე კითხვას კი არ პასუხობს.
– არ მინდა, რომ რამე ცუდი გამომივიდეს და არ ვიტყვი არაფერს, თავს შევიკავებ.
სეზონის დასაწყისში გუნდის მიზანი ჩემპიონობა იყო. ამას ყველა იხსენებს, ვისაც ვესაუბრეთ.
– ისეთი ფაქტები მოხდა, რომ ჩვენთვის ჩემპიონობა და ყველაფერი მეორეხარისხოვანი გახდა, იმიტომ, რომ ჩვენ ადამიანები ვართ, ფეხბურთელები ვართ და ხვალ უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება და ეს ერთი ჩემპიონობა არაფერს არ შეცვლიდა, – ამბობს ჩხარტიშვილი.
ნათია ჯოჯუა მიზანს სხვაგვარად აყალიბებს.
– ეს პროტესტიც და ამხელა ამბავიც ზუსტად იმისთვისაა, რომ მომდევნო, მომავალი თაობა მსგავს სიტუაციაში არ აღმოჩნდეს.
სტატიის დასრულებისას სრულიად მოულოდნელად, ცნობილი გახდა, რომ 20 წლის ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება შეცვალა და თურქი ბიზნესმენი მეჰმეთ უიარი წარდგენილ ბრალდებაში გაამტყუნა. მას სასჯელის სახით 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
– „ძალიან ბედნიერები ვართ ამ გადაწყვეტილებით. გვჯეროდა, რომ სამართალი ადრე თუ გვიან იზეიმებდა. ჩვენი პროტესტიც ამისკენ იყო მიმართული. ბოლომდე დავუდექით დაზარალებულს გვერდში და ამ ერთად დგომამ და ბოლომდე ბრძოლამ გამოიღო შედეგი. მადლობა ყველას, ვინც ჩართული იყო და ვისაც სჯეროდა, რომ სამართალი იზეიმებდა” – მოგვწერა კაპიტანმა, ნინი ჩხარტიშვილმა.