ავტორი: არშალუის ბარსეღიანი
ერევანში მდებარე კინოთეატრმა „მოსკოვმა“ განაცხადა, რომ მას არანაირი მონაწილეობა არ მიუღია სამხედრო მეთაურ მონტე მელქონიანის შესახებ გადაღებული ფილმის პრემიერაზე გამართულ საცეკვაო წარმოდგენაში, რომლის დროსაც მონაწილეებს ხელში ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ეჭირათ. განცხადება სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის კრიტიკას მოჰყვა. თავად კინოთეატრის შემდგომ განცხადებასაც მოჰყვა კრიტიკა – ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და ხელოვანები სვამენ კითხვას, ხომ არ არის ეს თვითცენზურა.
ბიოგრაფიული ფილმ „მონტეს“ (Monte) პრემიერა 25 ნოემბერს მონტე მელქონიანის დაბადების დღეს გაიმართა. ფილმი სწორედ სომხური წარმოშობის ამერიკელის, მონტე მელქონიანის ისტორიას მოგვითხრობს. ის მთიანი ყარაბაღის პირველ ომში იბრძოდა და 1993 წელს დაიღუპა. ომში შეტანილი წვლილის აღსანიშნავად მას 1996 წელს სიკვდილის შემდეგ სომხეთის ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. მრავალი სომეხისთვის მელქონიანს კონფლიქტის ისტორიულ მეხსიერებაში განსაკუთრებული ადგილი უკავია.
26 ნოემბერს ოპოზიციისადმი კრიტიკულად განწყობილმა ჟურნალისტმა ვაჰე მკრიანმა ფაშინიანს ფილმის შესახებ კითხვა დაუსვა. მან ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ პრემიერას სომხეთის მაღალი თანამდებობის პირები არ ესწრებოდნენ. ჟურნალისტმა ასევე გაიხსენა გადამღები ჯგუფის განცხადება, რომლის თანახმადაც, სომხეთის თავდაცვის სამინისტრო ფილმის გადაღების პროცესში მათ არ დახმარებია.
მკრიანმა ასევე აღნიშნა, რომ მისთვის მოულოდნელი იყო, ფილმის სომხეთში ჩვენება რომ დაუშვეს, მაშინ როცა რუსეთში მისი ჩვენება აიკრძალა. მან მოიყვანა დაუდასტურებელი ცნობები, რომელთა თანახმადაც, აკრძალვა „აზერბაიჯანის მოთხოვნით“ დაწესდა.
მანამდე ფილმის პროდიუსერულმა კომპანიამ, Genetik Production-მა განაცხადა, რომ რუსეთის რამდენიმე ქალაქში ფილმის ჩვენება „რუსეთის სახელმწიფოს მიერ დაწესებული აკრძალვის გამო“ აღარ გაიმართებოდა.
პასუხად ფაშინიანმა ყურადღება სხვა საკითხზე გაამახვილა – პრემიერის დროს კინოთეატრის აივანზე გამართულ წარმოდგენაზე, რომლის მონაწილეებიც ხელში ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით ცეკვავდნენ.
„უბრალოდ, რთულია წარმოიდგინო ამაზე უფრო აბსურდული სცენა“, – განაცხადა ფაშინიანმა და იკითხა, „ვინ იყვნენ ეს ადამიანები და ვინ მისცა მათ ამის უფლება“.
როდესაც ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ ეს სცენა ფილმის ნაწილი იყო, ფაშინიანმა უპასუხა:
„მოვიდნენ და ავტომატებით იცეკვონ მთავრობის შენობასთან, ან წავიდნენ და ავტომატებით პარლამენტში იცეკვონ, თან ნაირი ჰუნანიანიც წაიყვანონ“, – განაცხადა ფაშინიანმა.
მან 1999 წლის 27 ოქტომბერს მომხდარი ტერორისტული თავდასხმა იგულისხმა. თავდასხმაში ხუთი ეჭვმიტანილი მონაწილეობდა, რომელთაც ჰუნანიანი ხელმძღვანელობდა. მათ პარლამენტის შენობაში მოკლეს პრემიერ-მინისტრი ვაზგენ სარქისიანი, პარლამენტის თავმჯდომარე კარენ დემირჭიანი და კიდევ ექვსი მინისტრი და დეპუტატი. მიუხედავად იმისა, რომ თავდამსხმელები გაასამართლეს და დააპატიმრეს, მიიჩნევა, რომ საქმის გარშემო ბევრი კითხვა დღემდე პასუხგაუცემელია.
„ეს ნორმალური სცენა იყო? შემდეგ კი კვლავ ვუბრუნდებით მსჯელობას „იერაბლურის“ გაფართოების ან არგაფართოების შესახებ. ანუ ჩვენი ვარაუდი ის არის, რომ სახურავებზე ავტომატებით ვიცეკვებთ, „იერაბლური“ კი შემცირდება და არ გაფართოვდება?“ – განაცხადა ფაშინიანმა.
ერევანში მდებარე „იერაბლურის“ სამხედრო სასაფლაოზე დაკრძალულნი არიან სომეხი ჯარისკაცები, რომლებიც მთიანი ყარაბაღის პირველ და მეორე ომებში, ასევე აზერბაიჯანთან მომდევნო შეტაკებების დროს დაიღუპნენ.
სასაფლაოს გაფართოების საკითხზე დასმული კითხვის პასუხად ოპოზიციისადმი კრიტიკულად განწყობილ ჟურნალისტ ჰრიფსიმე ჯებეჯიანს ფაშინიანმა „საცოდავი“ უწოდა.
კინოთეატრი „მოსკოვი“ საცეკვაო წარმოდგენისგან დისტანცირებას ცდილობს
პრესკონფერენციიდან მალევე კინოთეატრმა „მოსკოვმა“ განმარტებითი განცხადება გაავრცელა. მისი თქმით, შენობა ფილმის პროდიუსერულ კომპანიას, Genetik Production-ს ჰქონდა გაქირავებული და თავად კინოთეატრს წარმოდგენაში მონაწილეობა არ მიუღია. მომხდარზე პასუხისმგებლობა ორგანიზატორებს ეკისრებათ.
„ამასთანავე, სომხეთის პრემიერ-მინისტრის მიერ მიმდინარე წლის 26 ნოემბერს ჟურნალისტებთან გამართულ ბრიფინგზე გაკეთებული შენიშვნების გათვალისწინებით, მზად ვართ, მომავალში მსგავს შემთხვევებში მეტი სიფრთხილე გამოვიჩინოთ“, – ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებას სოციალურ ქსელებში კრიტიკა მოჰყვა. კინოთეატრის Facebook-პოსტზე კომენტარის სახით ოპოზიციონერმა დეპუტატმა კრისტინე ვარდანიანმა ეჭვქვეშ დააყენა კინოთეატრის დაპირება, რომ მომავალში მსგავს შემთხვევებში „მეტ სიფრთხილეს გამოიჩენს“.
„ამიერიდან მოგიწევთ, ნიკოლ ფაშინიანისგან მიიღოთ თანხმობა იმაზე, შეიძლება თუ არა ფილმის პრემიერაზე ცეკვა, ეროვნული კოსტიუმები წითელი უნდა იყოს თუ ლურჯი და შეიძლება თუ არა ხელების აწევა“, – დაწერა ვარდანიანმა.
სომეხმა კინორეჟისორმა მჰერ მკრტჩიანმა კი Facebook-პოსტში აღნიშნა, რომ „ერევნის არცერთ კინოთეატრს ცენზურა არასდროს გამოუყენებია“.
„კინოთეატრები მართლაც გაძლევენ სივრცეს, რათა შენი ფილმი საკუთარი ხედვით წარადგინო და მის შინაარსში არ ერევიან. ნიკოლს არ მოეწონა ფილმის წარდგენის ფორმა – მერე რა? შემოქმედებითი მიდგომები სხვადასხვაგვარია: ავტომატებით ცეკვიდან დათვის მოფხანამდე“, – დაწერა მკრტჩიანმა.
დათვის მოფხანაზე მკრტჩიანის კომენტარი უკავშირდება ფაშინიანის მიერ ნოემბრის დასაწყისში ოპოზიციონერ დეპუტატ მესროპ მანუკიანთან საუბრისას გაკეთებულ განცხადებას. მაშინ ფაშინიანმა ეს გამოთქმა გამოიყენა, თუმცა მისი მნიშვნელობა ბევრისთვის გაუგებარი დარჩა.
Genetik Production-ს კრიტიკაზე ჯერჯერობით პასუხი არ გაუცია.
სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ, წაიკითხოთ აქ.