საპატრულო პოლიციის ყოფილ უფროსს, დავით ცინარიძეს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა

პუბლიკა

საპატრულო პოლიციის ყოფილ უფროსს, დავით ცინარიძეს, რომელიც ოჯახის წევრის მიმართ ძალადობასა და მუქარაშია ბრალდებული, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გამოიტანა.

დღეს საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსის, დავით ცინარიძის უფლებადამცველი, კახა ხვისტანი აცხადებდა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ წარდგენილი ბრალი ნაკლებად მძიმე დანაშაულებისთვისაა.


პროკურატურის ცნობით, მეუღლის მიმართ ძალადობისა და მუქარის მუხლებით საპატრულო პოლიციის ყოფილ უფროსს, დავით ცინარიძეს ბრალი წარედგინა.

„გამოძიებით დგინდება, რომ 2020 წლის 27 აპრილს, ღამის საათებში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა დ.ც.-მ მეუღლეს მ.ბ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი ცეცხლსასროლი იარაღის  გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა,  რა დროსაც  ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთჯერადად გაისროლა.

სამართალდამცველებმა  დ.ც. შემთხვევის ადგილზე დააკავეს.

სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მათ შორის გამოიკითხნენ მოწმეები, ამოღებულ იქნა გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი  მტკიცებულებები, დაინიშნა ექსპერტიზები”, – წერს პროკურატურა.

პროკურატურა ედავება ძალადობას და მუქარას, ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულია ორივე – ცინარიძის ადვოკატი