პატარა ინკვიზიტორი

არჩილ მეტრეველი

 

„Есть три силы, единственные три силы на земле, могущие навеки победить и пленить совесть этих слабосильных бунтовщиков, для их счастия, – эти силы: чудо, тайна и авторитет. Ты отверг и то и другое и третье и сам подал пример тому. (…) Мы исправили подвиг твой и основали его на чуде, тайне и авторитете“.

„Великий Инквизитор“

Ф. М. Достоевский.

 

რატომ განკაცდი, ღმერთმა თავი რად დაიმდაბლე!

ახლა ჩვენ ვიღას დავარწმუნებთ, რომ ხარ დიადი?

ახლა ჩვენ ვინღა გვაპატიებს, ვიყოთ დიადნი?

რატომ გაგვწირე შენი მღვდლები და მსახურები!

 

მადლობა მამას, შეგვიძლია ამის შეცვლა, გამოსწორება!

ჩვენ დაგაბრუნებთ ზეცაში და დაგიბრუნებთ შენს სიდიადეს!

და შენთან ერთად ან შენ გარეშე, მაგრამ მაინც შენი სახელით,

შენი მღვდლები და მსახურები დავიბრუნებთ ჩვენს სიდიადეს!

 

რატომ განკაცდი, რატომ იშვი ბინძურ ბაგაში!

ახლა ჩვენ ვიღას დავარწმუნებთ, შენ აგიგონ სასახლეები?

ახლა ჩვენ ვინღა გვაპატიებს სასახლეების ჩვენთვის აგებას?

რატომ გაგვწირე შენი მღვდლები და მსახურები!

 

მადლობა მამას,  შეგვიძლია ამის შეცვლა, გამოსწორება!

ჩვენ შევქმნით ხატებს, გამოგსახავთ ყოვლისმპყრობელ „პანტოკრატორად“!

და შენთან ერთად ან შენ გარეშე, მაგრამ მაინც შენი სახელით,

შენი მღვდლები და მსახურები დავბრძანდებით შენ სადიდებლად აგებულ ჩვენს სასახლეებში!

 

რატომ განკაცდი და რატომ თქვი, მე ვარ ყველა მშიერი და ყველა ღარიბი!

ახლა ჩვენ ვიღას დავარწმუნებთ, შენ მოგართვან პური და ოქრო?

ახლა ჩვენ ვინღა გვაპატიებს ჩვენს სიმაძღრეს და ჩვენს სიმდიდრეს?

რატომ გაგვწირე შენი მღვდლები და მსახურები!

 

მადლობა მამას, შეგვიძლია ამის შეცვლა, გამოსწორება!

ჩვენ ვიტყვით, ყველამ შენ მოგართვას პურიც და ოქროც, რომ მერე შენგან და არა მათგან, ჩვენი ბრძანებით მიეცემათ მშიერთ და გლახაკთ!

და შენთან ერთად ან შენ გარეშე, მაგრამ მაინც შენი სახელით,

შენი მღვდლები და მსახურები მოვიხვეჭთ ოქროს, პურს და კიდევ ათას სიკეთეს!

 

რატომ განკაცდი და რატომ თქვი, მე ვარ ყველა ჩაგრული და დამცირებული!

ახლა ჩვენ ვიღას დავარწმუნებთ შენ გემსახურონ და განგადიდონ?

ახლა ჩვენ ვინღა გვაპატიებს ჩვენს ბატონობას და განდიდებას?

რატომ გაგვწირე შენი მღვდლები და მსახურები!

 

მადლობა მამას, შეგვიძლია ამის შეცვლა, გამოსწორება!

ჩვენ ვიტყვით, მხოლოდ მარხვით მიეცემათ შვება ჩაგრულებს და მხოლოდ ლოცვით აღდგებიან დამცირებულნი!

და შენთან ერთად ან შენ გარეშე, მაგრამ მაინც შენი სახელით,

შენი მღვდლები და მსახურები განვდიდდებით და ვიმსახურებთ ყველა დაჩაგრულს, დამცირებულს, შეურაცხყოფილს!

 

რატომ განკაცდი და რატომ თქვი, მე ვარ ყველა სნეული და ყველა უძლური!

ახლა ჩვენ ვიღას დავარწმუნებთ, რომ არ ხარ სუსტი?

ახლა ჩვენ ვინღა გვაპატიებს ჩვენს უგულობას უძლურთა მიმართ?

რატომ გაგვწირე შენი მღვდლები და მსახურები!

 

მადლობა მამას, შეგვიძლია ამის შეცვლა, გამოსწორება!

ჩვენ ვიტყვით, ყველა სნეულება და უძლურება შენ მოავლინე შენივე ქმნილი ადამიანის განსაცდელად და დასასჯელად!

და შენთან ერთად ან შენ გარეშე, მაგრამ მაინც შენი სახელით,

შენი მღვდლები და მსახურები გავძლიერდებით ადამიანთა უძლურებით და სნეულებით!

 

რატომ განკაცდი, რატომ მოგვეც მცნება მხოლოდ სიყვარულისა!

ახლა ჩვენ ვიღას დავარწმუნებთ ეშინოდეს და ძრწოდეს შენ წინ?

ახლა ჩვენ ვინღა გვაპატიებს, რომ არ ვიყოთ მიმტევებლები?

რატომ გაგვწირე შენი მღვდლები და მსახურები!

 

მადლობა მამას, შეგვიძლია ამის შეცვლა, გამოსწორება!

ჩვენ შენს სიყვარულს უვნებელვყოფთ განსჯისა და დასჯის მცნებებით!

და შენთან ერთად ან შენ გარეშე, მაგრამ მაინც შენი სახელით,

შენი მღვდლები და მსახურები შიშის ზარს დავცემთ სიყვარულის მოიმედე ადამიანებს!

 

რატომ განკაცდი ასე ცხადად, ასე ყველასთვის!

ახლა ჩვენ ვიღას დავარწმუნებთ, რომ ჩვენ გარეშე შენ ვერ მოგწვდება?

ახლა ჩვენ ვინღა გვაპატიებს თუ ჩავდექით შენ და მას შორის?

რატომ გაგვწირე შენი მღვდლები და მსახურები!

 

მადლობა მამას, შეგვიძლია ამის შეცვლა, გამოსწორება!

ჩვენ ვიტყვით, მხოლოდ ჩვენ მოგვანდე შენი სიტყვა და საიდუმლო, რომ მხოლოდ ჩვენ გვაქვს მისი ცნობის ძალა და მადლი!

და შენთან ერთად ან შენ გარეშე, მაგრამ მაინც შენი სახელით,

შენი მღვდლები და მსახურები შენ შესახებ მოვუყვებით ადამიანებს და თუ დაგვჭირდა, ჩვენს ყველა სიტყვას და საქმესაც შენვე მოგაწერთ!

 

რატომ განკაცდი, რატომ გახდი ადამიანი!

ახლა ჩვენ ვიღას დავარწმუნებთ, რომ მთავარი მხოლოდ შენა ხარ?

ახლა ჩვენ ვინღა გვაპატიებს, რომ მთავარნი მხოლოდ ჩვენ ვიყოთ?

რატომ გაგვწირე შენი მღვდლები და მსახურები!

 

მადლობა მამას, შეგვიძლია ამის შეცვლა, გამოსწორება!

ჩვენ ვეტყვით ყველას, რომ ღმერთშია ადამიანი და დავავიწყებთ ადამიანში ღმერთის მყოფობას!

და შენთან ერთად ან შენ გარეშე, მაგრამ მაინც შენი სახელით,

შენი მღვდლები და მსახურები მორწმუნეთ მზერას მხოლოდ შენს ზეცას და ჩვენს ტაძრებს მივაპყრობთ და არა შენს შვილებს!

 

რატომ განკაცდი, რატომ იყავ ღარიბი და არაფრის მქონე!

ახლა ჩვენ ვიღას დავარწმუნებთ შემოგწირონ ტბები, ტყეები, მიწები და მდინარეები?

ახლა ჩვენ ვინღა გვაპატიებს, ვეპატრონოთ ამ ტბებს, ამ ტყეებს, ამ მიწებს და ამ მდინარეებს?

რატომ გაგვწირე შენი მღვდლები და მსახურები?

 

მადლობა მამას, შეგვიძლია ამის შეცვლა, გამოსწორება!

ჩვენ ვიტყვით, რაც კი შეგიქმნია ყველა შვილისთვის, გეკუთვნის მხოლოდ შენ, უფალო და ეკლესიას!

და შენთან ერთად ან შენ გარეშე, მაგრამ მაინც შენი სახელით,

შენი მღვდლები და მსახურები შენს ეკლესიას დავუბრუნებთ ძველ დიდებას და უფრო მეტსაც!

 

რატომ განკაცდი, რატომ თქვი, რომ ჩვენც უსასყიდლოდ უნდა გავცეთ, რაც შენ გვიბოძე!

ახლა ჩვენ ვიღას დავარწმუნებთ, რომ მადლი შენი მაშინ მოქმედებს, როცა მასში საფასურს იხდი?

ახლა ჩვენ ვინღა გვაპატიებს, ათას სასყიდელს თუ დავადებთ ათას რიტუალს?

რატომ გაგვწირე შენი მღვდლები და მსახურები!

 

მადლობა მამას,  შეგვიძლია ამის შეცვლა, გამოსწორება!

ჩვენ კვლავ აღვადგენთ „წმინდა მეათედს“ ან იქნებ მეტსაც, რადგან ყველამ და ყველაფრიდან შენ მოგიძღვნას მეათედი ან იქნებ მეტიც!

და შენთან ერთად ან შენ გარეშე, მაგრამ მაინც შენი სახელით,

შენი მღვდლები და მსახურები გავმდიდრდებით ათჯერ და მეტად!

 

რატომ განკაცდი, რა საქმე გქონდა ცოდვილთან და უარყოფილთან!

ახლა ჩვენ ვიღას დავარწმუნებთ, რომ შენ მხოლოდ მართალთა და წმინდანთ ღმერთი ხარ?

ახლა ჩვენ ვინღა გვაპატიებს, უარვყოთ ყველა, ვინც ჩვენ არ გვგავს, ვინც ჩვენ არ მოგვწონს?

რატომ გაგვწირე შენი მღვდლები და მსახურები!

 

მადლობა მამას, შეგვიძლია ამის შეცვლა, გამოსწორება!

ჩვენ ვიტყვით, მხოლოდ წმინდანთა და მართალთაა მადლი უფლისა და ჩვენვე ვიტყვით, ვინ იქნება ან მართალი და ან წმინდანი!

და შენთან ერთად ან შენ გარეშე, მაგრამ მაინც შენი სახელით,

შენი მღვდლები და მსახურები მხოლოდ ჩვენს მსგავსებს შემოვიკრებთ და „სხვებს“ კი არა!

 

რატომ განკაცდი, რად დამცირდი, ჯვარს რატომ ეცვი!

ახლა ჩვენ ვიღას დავარწმუნებთ, რომ ხარ ძლიერი?

ახლა ჩვენ ვინღა გვაპატიებს, ვიამაყოთ მხოლოდ ძალით, ძალაუფლებით?

რატომ გაგვწირე შენი მღვდლები და მსახურები!

მადლობა მამას, შეგვიძლია ამის შეცვლა, გამოსწორება!

ჩვენ დავავიწყებთ ყველას შენს ჯვარცმას და მანამდე შენს განკაცებას, შენს დამცირებას და დამდაბლებას, თავის გაწირვას და მხოლოდ შენი მეორედ მოსვლის, განსჯის და დასჯის, ძლიერების და ძალაუფლების, ჯოჯოხეთის, აპოკალიფსის და, რა თქმა უნდა, ანტიქრისტეს ქადაგებით აღგიდგენთ სახელს!

და შენთან ერთად ან შენ გარეშე, მაგრამ მაინც შენი სახელით,

შენი მღვდლები და მსახურები გავიმარჯვებთ და ვიბატონებთ უკუნისამდე, გაბრწყინებულ ივერიაში!

P.S. აღდგომიდან ძალიან მალე წამოგვაძახეს, სად არის „ეკლესიის კლასტერი“, შეინანეთ, რომ გვებრძოდით და ცილს გვწამებდით, თორემ ღმერთი დაგსჯითო. ამ ნიშნისმოგების საპასუხოდ მინდოდა დამეწერა იმის შესახებ, რაც ამ ხალხმა დაჟინებით არ გაიგო. მინდოდა მეთქვა, რომ ჩვენ ღმერთს და ეკლესიას კი არ ვებრძოდით, არამედ უბრალოდ ვითხოვდით, რომ მის მსახურებს ადამიანებზე ეზრუნათ და ჩვენთვის ჯვარცმული ღმერთის სახელით სასიკვდილოდ არ გავეწირეთ. მაგრამ ისე მოხდა, რომ ერთი მღვდლის ლოცვა-საყვედურს მოვკარი ყური და ამ სიტყვების მოსმენის მერე, ჩემი ტექსტის დაწერაც აღარ გახდა საჭირო.