ლევან ჯიბღაშვილს პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება გაუფორმა

პუბლიკა

მსახიობ ლევან ჯიბღაშვილს, რომელიც ნარკოდანაშაულში იყო ბრალდებული, პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება გაუფორმა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქალაქო სასამართლოში ადასტურებენ. „პუბლიკა“ ცდილობს პროკურატურისგან ინფორმაციის მიღებას საპროცესო შეთანხმების პირობების შესახებ.

ჯიბღაშვილის ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ჯარიმა და 5-წლიანი პირობითი მსჯავრი დაეკისრა. ის „პუბლიკასთან” საუბრისას არ აკონკრეტებს ჯარიმის ოდენობას.

ლევან ჯიბღაშვილი ნარკოტიკის ფლობის ბრალდებით 2019 წლის აპრილში დააკავეს.

მისი ავტომობილიდან ამოღებული ნივთიერებების ექსპერტიზის დასრულების შემდეგ შსს თავის განცხადებებში ამბობდა, რომ ექსპერტიზის მიხედვით, მანქანიდან ამოღებულ ნივთიერებებში იყო: კოკაინი – 0,5659გ. ექსტაზი(MDMA) – 0,1921გ.

მსახიობ ლევან ჯიბღაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილით წაუყენეს, რაც დღეს მოქმედი კანონმდებლობით თავისუფლების აღკვეთით, ვადით, 5-დან 8 წლამდე ისჯება.