საქართველოს თავდაცვის მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს მინისტრის საათის ფარგლებში პარლამენტში უსმენენ. გამოსვლას ოპოზიცია არ ესწრება, რადგან მათ ღარიბაშვილთან კითხვები არ აქვთ.
ღარიბაშვილი ქვეყნის თავდაცვისთვის საფრთხედ მიიჩნევს “დესტრუქციულ ძალებს, რომლებისთვისაც მიუღებელია მაღალი რეიტინგის მქონე ხელისუფლება, და ისეთი ავტორიტეტული ინსტიტუციების არსებობა, როგორებიცაა ჯარი, ეკლესია, პოლიცია”.
მისი თქმით, ბოლო პერიოდში გააქტიურდა და უწყვეტად მიმდინარეობს თავდაცვის სამინისტროს დისკრედიტირების მცდელობა.
“მასში ჩართული ძალები არ ერიდებიან დეზინფორმაციის გავრცელებას და ხშირად იგი უხამს ფორმებსაც იძენს. სამხედრო ფეხსაცმლის, კვების, ფორმის, ჩოხების, საათების თუ სადეზინფექციო ხსნარების შეძენის საკითხებით მანიპულირებით”. – ამბობს მინისტრი.
„დესტრუქციული ძალების მიერ, თავდაცვის ძალების და პირადად ჩემს წინააღმდეგ მიმართული დისკრედიტაციის კამპანიის მიზანია მოსახლეობის თვალში ქართული ჯარის, როგორც მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინსტიტუტის იმიჯის დაკნინება, რაც ავტომატურად იწვევს საბრძოლო სულისკვეთების დასუსტებას” – ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი