სუსმა აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს ერთ-ერთი სამსახურის უფროსი დააკავა

პუბლიკა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, დიდი ოდენობით ქრთამის აღებისა და  ქრთამის აღებაში დახმარების ბრალდებით, აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს მიწის მართვის სამსახურის უფროსი და ერთი პირი, ხოლო ყალბი დასკვნის გაცემის ბრალდებით – ექსპერტი  დააკავეს.

„გამოძიებით დგინდება, რომ აჭარის ა.რ. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს მიწის მართვის სამსახურის უფროსმა, რომელიც ამავდროულად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წევრია, მოქალაქეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭარნალში, მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობების საკუთრების უფლებით აღიარების სანაცვლოდ, ერთი პირის დახმარებით ქრთამის სახით 4 000 აშშ დოლარი გამოართვა.

აგრეთვე ექსპერტმა, ზემოაღნიშნული პირების მითითებით, 1000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, საკუთრების უფლებით ასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობის 2002-2006 წლებში აშენების თაობაზე, ყალბი ექსპერტიზის დასკვნა დაამზადა”, – აცხადებს სუსი.

უწყების ცნობით, გამოძიება, დიდი ოდენობით ქრთამის აღების, ქრთამის აღებაში დახმარებისა და ექსპერტის მიერ ყალბი დასკვნის გაცემის საქმეზე მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით, 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.