15 წლის გოგოს მიმართ მუქარისა და ადევნების საქმეზე აღკვეთის სახით პატიმრობას მოვითხოვთ - პროკურატურა

პუბლიკა

პროკურატურამ 15 წლის გოგოს მიმართ ადევნებისა და მუქარის საქმეზე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა. ამის შესახებ პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი.

„გამოძიებით დადგინდა, რომ რ.ნ.-სთვის ცნობილი იყო, რომ დაზარალებული თ.ჭ. არასრულწლოვანი იყო, თუმცა მიუხედავად ამისა იგი 2020 წლის თებერვლის დასაწყისიდან დღემდე სისტემატურად, პირადად ამყარებდა გოგონასთან არასასურველ კომუნიკაციას, ურეკავდა სხვადასხვა მობილური ტელეფონის ნომრებიდან და სოციალური ქსელების „ფეისბუქის“ და „Instagram“-ის მეშვეობით მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს უგზავნიდა.

ასევე რ.ნ. სისტემატურად უკავშირდებოდა დაზარალებულის ნათესავს და მეგობრებს და მათი მეშვეობით ცდილობდა თ.ჭ.-სთან კომუნიკაციის დამყარებას. 2020 წლის 7 ივნისს რ.ნ. საცხოვრებელ კორპუსთან დახვდა დაზარალებულს და მასთან პირადი კომუნიკაციის დამყარებას შეეცადა, რის შედეგადაც თ.ჭ.-ს შეეშინდა და კორპუსის დაცვის თანამშრომლის დახმარებით დაბრუნდა საცხოვრებელ ბინაში.

ასევე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 13 თებერვალს, თ.ჭ.-მ ბრალდებულისგან „ფეისბუქის“ მეშვეობით სიცოცხლის მოსპობის მუქარის შემცველი შეტყობინება მიიღო”, – ნათქვამია განცხადებაში.

პროკურატურის ინფორმაციით, 2020 წლის 17 ივნისს თ.ჭ. დაზარალებულად იქნა ცნობილი. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება კი გრძელდება.