15 წლის გოგოს მიმართ ადევნებასა და მუქარაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ამის შესახებ ინფორმაცია „პუბლიკას“ პროკურატურაში დაუდასტურეს.
გუშინ პროკურატურამ ამ საქმესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.
გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა მშობლის წერილი, რომელშიც ამბობდა, რომ მის არასრულწლოვან შვილს, 15 წლის გოგოს, კაცი ავიწროებდა, ემუქრებოდა და ცოლობაზე თანხმობას აიძულებდა. მამა წერდა, რომ მათ მიმართეს სამართალდამცავ ორგანოებს დახმარებისთვის, თუმცა პირი ამ დრომდე თავისუფალია.
წერილის გავრცელების შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ პირის მიმართ გამოძიება დაწყებულია და მას ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 2 მუხლით. მოგვიანებით განცხადება პროკურატურამაც გაავრცელა.
„გამოძიებით დადგინდა, რომ რ.ნ.-სთვის ცნობილი იყო, რომ დაზარალებული თ.ჭ. არასრულწლოვანი იყო, თუმცა, მიუხედავად ამისა, იგი 2020 წლის თებერვლის დასაწყისიდან დღემდე სისტემატურად პირადად ამყარებდა გოგონასთან არასასურველ კომუნიკაციას, ურეკავდა სხვადასხვა მობილური ტელეფონის ნომრებიდან და სოციალური ქსელების „ფეისბუქის“ და „Instagram“-ის მეშვეობით მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს უგზავნიდა.
ასევე, რ.ნ. სისტემატურად უკავშირდებოდა დაზარალებულის ნათესავსა და მეგობრებს და მათი მეშვეობით ცდილობდა თ.ჭ.-სთან კომუნიკაციის დამყარებას. 2020 წლის 7 ივნისს რ.ნ. საცხოვრებელ კორპუსთან დახვდა დაზარალებულს და მასთან პირადი კომუნიკაციის დამყარებას შეეცადა, რის შედეგადაც თ.ჭ.-ს შეეშინდა და კორპუსის დაცვის თანამშრომლის დახმარებით დაბრუნდა საცხოვრებელ ბინაში.
ასევე გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 13 თებერვალს, თ.ჭ.-მ ბრალდებულისგან „ფეისბუქის“ მეშვეობით სიცოცხლის მოსპობის მუქარის შემცველი შეტყობინება მიიღო“, – ამბობდნენ პროკურატურაში.