დავაკავეთ ნარკოტიკების ინტერნეტით რეალიზაციის სქემაში ჩართული პირები - შსს

პუბლიკა

შსს-ს ცნობით, უკრაინის სამი მოქალაქე ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ბრალდებით, თბილისში დააკავეს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულები ჩართული იყვნენ ნარკოტიკების ინტერნეტით რეალიზაციის სქემაში. კერძოდ, ა.ხ და დ.პ., პ.ბ.-ს მითითებით, თბილისში, წინასწარ სპეციალურად შერჩეულ სამალავებში ათავსებდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს და აღნიშნული სამალავების მისამართებს დისტანციურად ატყობინებდნენ პირს, რომელიც შემდეგ ამ ნარკოტიკების რეალიზაციას ახდენდა.

სამართალდამცველებმა, ა.ხ.-ს და დ.პ.-ს პირადი ჩხრეკისას, ლოკაციაზე სარეალიზაციოდ განსათავსებლად გამზადებული, „ბუპრენორფინის” შემცველი ნარკოტიკული საშუალება „სუბუტექსის” 45 აბი და სხვა ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს.

ასევე, საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობისას, ა.ხ.-ს და დ.პ.-ს მითითებით ამოღებულია ლოკაციაზე სარეალიზაციოდ განთავსებული, „ბუპრენორფინის” შემცველი ნარკოტიკული საშუალება “სუბუტექსის” 25 აბი.

ბრალდებულების დროებითი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას კი პოლიციამ „ბუპრენორფინის” შემცველი ნარკოტიკული საშუალება „სუბუტექსის” 688 მთლიანი აბი და 21 ნატეხი ნივთმტკიცებად ამოიღო”, – წერს შსს.