სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონალური სამმართველოს თანამშრომელი და კიდევ ორი პირი დააკავა.
„გამოძიებით დგინდება, რომ 2019 წლის ნოემბერში, ინდივიდუალურმა მეწარმემ და მასთან დაახლოვებულმა პირმა განიზრახეს სასარგებლო წიაღისეულის უკანონო მოპოვება, მისი წარმომავლობისათვის კანონიერი სახის მიცემა და მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული წიაღისეულის რეალიზაციის შედეგად შემოსავლის მიღება. მათ შესაბამისი ნებართვის გარეშე, 2019 წლის 30 ნოემბრიდან 2020 წლის 12 თებერვლის ჩათვლით, გურჯაანისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში უკანონოდ მოიპოვეს ათასობით კუბური მეტრი ინერტული მასალა, დაამზადეს 140 ერთეული ყალბი სასაქონლო ზედნადები და სხვადასხვა ფირმაზე მოახდინეს რეალიზება. შედეგად კი მიიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავალი.“- ვკითხულობთ სუს-ის განცხადებაში.
სუს-ის ინფორმაციით, აღნიშნულ პირებს დანაშაულებრივ საქმიანობაში დახმარებას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონალური სამმართველოს თანამშრომელი უწევდა, რომელიც პირადი ინტერესით, უპირატესობას ანიჭებდა მათ და წინასწარ აფრთხილებდა მოსალოდნელი შემოწმების შესახებ. შედეგად მათი დანაშაულებრივი საქმიანობის გამოვლენა და საჯარიმო სანქციების გამოყენება არ ხდებოდა, რითაც სისტემატიურად ილახებოდა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი.
„გამოძიების მიერ დადგენილია მართლსაწინააღმდეგო ქმედებაში ჩართული ყველა პირი, რომელთა დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგადაც, სახელმწიფოს ასობით ათასი ლარის მატერიალური ზიანი მიადგა. ამოღებულია მათ მიერ გამოყენებული მძიმე ტექნიკა“, – ვკითხულობთ განცხადებაში.