წარმატებით დასრულდა დავით ჭაკუას საქართველოში ექსტრადირება - იუსტიციის სამინისტრო

პუბლიკა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, წარმატებით დასრულდა სასჯელაღსრულების ყოფილი უფროსის დავით ჭაკუას საქართველოში ექსტრადირება.

„საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ და პენიტენციურმა სამსახურმა წარმატებით დაასრულეს ძებნილი დავით ჭაკუას გერმანიიდან საქართველოში გადმოყვანა. ეს იყო იუსტიციი სამინისტროსთვის უმნიშვნელოვანესი საქმე და ეს ფაქტი წარმოადგენს გერმანიის და საქართველოს იუსტიციის სმაინისტროების კარგი თანამშრომლობის თვაკლსაჩინო მაგალითს, “- ამბობს ქეთევან სარაჯიშვილი, იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის დეპარტამენტის უფროსი.

გუშინ საქართველოს პროკურატურამ გერმანიიდან სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, დავით ჭაკუას ექსტრადირებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა დავით ჭაკუას ექსტრადირების თაობაზე დაკმაყოფილდა და გერმანიის სასამართლომ საქართველოს პროკურატურის მიმართვის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება მისი საქართველოში ექსტრადირების თაობაზე.

პროკურატურის ინფორმაციით,  სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით ჭაკუა საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ იძებნებოდა არაერთი მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის.

„კერძოდ, პატიმართა მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობისთვის, იგივე დანაშაულების წაქეზებისთვის, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის, სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაციის, დანაშაულთა პროვოკაციის წაქეზებისთვის და მოწმეზე ზემოქმედების განხორციელებისთვის.

აღსანიშნავია, რომ ხსენებული დანაშაულები დაკავშირებულია ე.წ. 2006 წლის ,,ციხის ბუნტისა“ და 2012 წლის ,,ციხის კადრების“ საქმეებთან. ამასთან, პირველ შემთხვევაში, დ.ჭ.-ს დაუსწრებლად მისჯილი აქვს 3 წლისა და 9 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა, ჯარიმა და ასევე ჩამორთმეული აქვს სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება. რაც შეეხება ე.წ. ,,ციხის კადრების“ საქმეს, იგი ამ ეტაპზე სასამართლო განხილვის სტადიაზეა და საქართველოს პროკურატურას აქვს მოლოდინი, რომ მოცემულ საქმეზეც დადგება გამამტყუნებელი განაჩენი, “- ამბობენ პროკურატურაში.

მათივე ცნობით, დავით ჭაკუას ქართული მხარისთვის გადმოცემის თაობაზე შუამდგომლობით საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გერმანელ კოლეგებს 2019 წლის 20 დეკემბერს მიმართა.

„ამასთან, ექსტრადიციის საკითხის განხილვის მთელი პროცესის განმავლობაში დ.ჭ. დავობდა, რომ საქართველოში ექსტრადიციის შემთხვევაში იგი დაექვემდებარებოდა პოლიტიკური ნიშნით დევნას და არსებობდა მისი უფლებების დარღვევის რეალური საშიშროება. აღნიშნულის საპირისპიროდ, გერმანულმა სასამართლომ მხედველობაში მიიღო საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ წარდგენილი საექსტრადიციო მასალების დასაბუთებულობა და დააკმაყოფილა ქართული მხარის თხოვნა, რითაც სრული ნდობა გამოუცხადა საქართველოს პროკურატურას და ქართულ მართლმსაჯულებას.

საქართველოს პროკურატურა, როგორც სისხლისსამართლებრივი დევნის მწარმოებელი და ძებნილ პირთა საქართველოში ექსტრადიციის საკითხებზე პასუხისმგებელი უწყება, მსგავსად დღევანდელი შემთხვევისა, ყველაფერს გააკეთებს მომავალშიც, რათა საქართველოში დანაშაულის ჩამდენი ნებისმიერი პირი, მიუხედავად მის ადგილსამყოფელისა, წარდგეს ქართული მართლმსაჯულების წინაშე”, – ამბობენ პროკურატურაში.