სახელმწიფო რესურსების გამოყენების ნიშნები | ISFED წინასაარჩევნო მონიტორინგის ანგარიშს აქვეყნებს

პუბლიკა

„სამართლიანი არჩევნები“ წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის პირველ შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს, რომელიც 2020 წლის 1 ივნისიდან 4 ივლისის ჩათვლით პერიოდს მოიცავს, აგრეთვე – მოვლენებს, რომელთა განვითარება 1 ივნისამდე დაიწყო და მონიტორინგის პერიოდშიც მიმდინარეობდა.

ორგანიზაციის დაკვირვებით, საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა: ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის 19 ფაქტი, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატების მიერ 16, ხოლო „მოძრაობა მომავლისთვის – მომოს“ მიერ 3 შემთხვევა, სახელმწიფო რესურსების სავარაუდო გამოყენების 2, „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელზე ზეწოლის 1, პოლიტიკურ საქმიანობაში ხელის შეშლის 2, სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა/მუქარის 1 ფაქტი.

გთავაზობთ ანგარიშიდან იმ ნაწილს, რომელიც სახელმწიფო რესურსების გამოყენების ნიშნებს ეხება.

სახელმწიფო რესურსების გამოყენების ნიშნები

ორგანიზაცია ანგარიშში წერს, რომ „ქართული ოცნების“  სასარგებლო აგიტაციის ნიშნები შეინიშნება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყოველთვიურ ბეჭდურ გამოცემაში, რომელსაც „ჩვენი სოფელი“ ჰქვია.

ანგარიშის მიხედვით, „ჩვენი სოფელი“ რეგულარულად ვრცელდება სოფლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის, რიგდება ტერიტორიულ ერთეულებში მერის წარმომადგენლების მიერაც. აღნიშნული გაზეთი მოსახლეობას ინფორმაციას აწვდის სოფლის მეურნეობაში არსებული სიახლეებისა და სხვადასხვა პროგრამის შესახებ.

„საგულისხმოა, რომ სახელმწიფო დაფინანსებით გამოცემული გაზეთის მაისის თვის 3 (53) ნომერში შეინიშნება „ქართული ოცნების“ სასარგებლო აგიტაციის ნიშნები, მათ შორის, პარტიის პოლიტიკის, მიღწევებისა და მისი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედების შესახებ. გაზეთის გავრცელების ფაქტები დადასტურებულია ლაგოდეხში, აბაშასა და საჩხერეში“, – წერია ანგარიშში.

 

პრაქტიკოსი მასწავლებლების გამოცდის გადავადება

ანგარიშში საუბარია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებაზე, გადავადდეს პრაქტიკოსი მასწავლებლების გამოცდები და ზაფხულის ნაცვლად, შემოდგომით ჩატარდეს. ასევე, მასწავლებლებს, რომლებიც 2020-ში ვერ აიმაღლებენ სტატუსს, სკოლის ადმინისტრაცია 2020-2021 სასწავლო წლის ბოლომდე გაუხანგრძლივებს შრომით ხელშეკრულებას.

„2020 წელს, პირველად სპეციალური მასწავლებლები პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ნაწილი გახდნენ და მათ პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭათ. აღსანიშნავია, რომ 2020 წლიდან, სკოლაში პრაქტიკოსის სტატუსის მქონე მასწავლებელი მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში უნდა ყოფილიყო და მათ ხელშეკრულებები აღარ უნდა გაგრძელებოდათ. მათ სტატუსის ამაღლების შანსი 2020 წლის ზაფხულზე ორგანიზებული გამოცდების დროს უნდა მისცემოდათ, ეს გამოცდა, კი, შემოდგომისთვის გადავადდა და ცნობილი არ არის როდის გაიმართება.

ხელისუფლება ამ გადაწყვეტილებას პანდემიით შექმნილ მდგომარეობას უკავშირებს, თუმცა, სამინისტროს არ გადაუვადებია მასწავლებლის სტატუსის მოპოვების მსურველთა გამოცდა, რომელიც მიმდინარე წლის ზაფხულში, 22 ივლისიდან – 30 ივლისის ჩათვლით ჩატარდება. 2020 წელს მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად საგამოცდო პროცესში 12 000-მდე მასწავლებლობის მსურველი ჩაერთვება“, – ვკითხულობთ ანგარიშში.

ანგარიშს სრულად გაეცანით ბმულზე.