ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები იმის გასარკვევად, განზრახ არის ხანძარი გაჩენილი თუ გაუფრთხილებლობით - ბორცვაძე

პუბლიკა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ვლადიმერ ბორცვაძე, აცხადებს, რომ გამოძიება დაწყებულია იმის დასადგენად, თუ რატომ ან რის გამო გადაიწვა ადგილი, სადაც გური ამირხანაშვილი, მისივე განცხადებით, შემთხვევის ღამეს იმალებოდა.

„გუშინ ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები, იმის გასარკვევად, თუ რა მოხდა – განზრახ არის ეს ხანძარი გაჩენილი თუ გარკვეული გაუფრთხილებლობაა.

შემთხვევის ადგილთან დაკავშირებით საგამოძიებო  ორგანომ  ყველა გადაუდებელ და შემხვედრ საგამოძიებო მოქმედებას მიმართა. ცალკე მიმდინარეობს საქმე ხანძართან დაკავშირებით. დაველოდოთ შედეგებს“, – განაცხადა ბორცვაძემ.


გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი პირის ადვოკატი, გიორგი გელხაური აცხადებს, რომ ადგილი, სადაც გური ამირხანაშვილი იმალებოდა, გადამწვარია.

„ის ადგილი, სადაც გური ამირხანაშვილი საუბრობს, რომ ის იმალებოდა და შემდგომ უკვე იქ მივიდნენ ეს პირები და დაუძახეს და ამოიყვანეს, ჩვენ გუშინ გავიარეთ და ვნახეთ, რომ ის ადგილი არის დამწვარი, ანუ ის მიმდებარე ტერიტორია არის დამწვარი. მე ზუსტად არ ვიცი, ახლა ამირხანაშვილი რა ადგილზე იმალებოდა, კონკრეტულად რომელ წერტილში იდგა, თუმცაღა, რომ შევხედეთ, თვალსაჩინოა, რომ ეს ადგილი არის დამწვარი. ეს აჩენს კითხვებს გამოძიების ხარისხთან დაკავშირებით და ესეც უნდა აღვნიშნოთ, ეს ადგილი რატომ დაიწვა; რა მტკიცებულება შეიძლება განადგურებულიყო ამ ადგილის დაწვით, ეს გამოძიებამ უნდა შეაფასოს“, – აცხადებს გიორგი გელხაური.