თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, მთავრობამ მიიღო დადგენილება, მთელი ქვეყნის მასშტაბით, თავდაცვის სამინისტროს ბალანზე არსებული 5 000-მდე ბინის ფაქტობრივ მფლობელებზე დაუკანონების შესახებ.
„მოგეხსენებათ, რომ ეს იყო წლების განმავლობაში მოუგვარებელი პრობლემა, რომელიც წარმოშობდა უამრავ სირთულეს ჩვენი მოქალაქეებისთვის და მათ, პრაქტიკულად, მძიმე სოციალურ პირობებში უწევდათ ცხოვრება აღნიშნულ ბინებში.
ეს ვითარება გარკვეულ პრობლემებს უქმნიდა, როგორც სამინისტროს, ასევე ამ ბინებში მცხოვრებლებს და ეს ადამიანები წლების განმავლობაში ელოდებოდნენ აღნიშნულ გადაწყვეტილებას.
ჩვენი გადაწყვეტილებით, 5 000-მდე ოჯახს მიეცემა საშუალება, ისარგებლონ სახელმწიფოს მხარდაჭერით და ამხანაგობის პროგრამებით მოაგვარონ საცხოვრებლის ინფრასტრუქტურა. მაგალითად, შეაკეთონ სახურავები, სადარბაზოები, წყალგაყვანილობის სისტემა და სხვა.
ამავდროულად, ამ გადაწყვეტილებით ასევე ისარგებლებენ ოჯახები, რომლებიც მართლზომიერად ფლობენ აღნიშნულ საცხოვრებელ შენობებსა და კორპუსებში საკუთრებას, მაგრამ ბინების გარკვეული ნაწილების საკუთრებაში არარსებობის გამო, ისინიც ვერ აყალიბებდნენ ამხანაგობებს და ვერ აუმჯობესებდნენ საცხოვრებელ პრიობებს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ღარიბაშვილის ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე არსებული ბინები, რომლებიც მდებარეობს თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, სენაკში, ფოთში, ხონში, გადაეცემა როგორც ყოფილ, ასევე მოქმედ სამხედროებს, სოციალურად დაუცველებსა და დევნილ მოქალაქეებს.