დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ პრეზენტაცია – „მდგრადი მობილობა თბილისისთვის“ გამართა. თბილისის მერმა სატრანსპორტო პოლიტიკის მიზნებსა და სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.
მისი თქმით, დედაქალაქის მერია მუშაობს სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალების განვითარებისა და ინტეგრაციის მიმართულებით და მერიას გამოკვეთილი აქვს ორი კონკრეტული ხაზი, სადაც შეიძლება საბაგიროს პროექტის განხორციელება. ესენია: ისნისა და ნაძალადევის რაიონები.
„ვფიქრობთ, რომ პირველი პროექტის განხორციელებას ისნის რაიონში მომავალი წლის დასაწყისში შევძლებთ და უკვე შემდეგი წლის ბოლოსთვის სამუშაოები ნაძალადევის რაიონში დაიწყება. პროექტების განხორციელება მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ინტეგრირება მოხდეს, როგორც ავტობუსის მეტროსთან, ასევე, მეტროს – საბაგიროსთან და პირიქით, რაც ხელს შეუწყობს მოქალაქეების სწრაფ და კომფორტულ გადაადგილებას“, – აღნიშნა თბილისის მერმა.