მერია პრესის ჯიხურებისთვის ადგილების გამოყოფას გეგმავს

პუბლიკა

დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ პრესის ჯიხურებთან დაკავშირებით ახალ ინიციატივაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ზოგადად ჯიხურებთან დაკავშირებით მერიას აქვს პოზიცია, რომ მათთვის მიუღებელია ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე მათი განთავსება, თუმცა, რაც შეეხება პრესის ჯიხურებს, ამ მიმართულებით მერია შესაბამისს ადგილებს გამოყოფს.

„დღეს მინდა, ვისაუბრო პრესის ჯიხურებზე, რომლებიც, რა თქმა უნდა, კონკურენციას ვერ უწევს ჯიხურებს, რომლებიც სხვადასხვა პროდუქტით ვაჭრობს. შესაბამისად იმისთვის, რომ ჩვენ ბეჭდურ მედიას დავეხმაროთ, პრესის გავრცელებას შევუწყოთ ხელი, ამისთვის გვინდა, რომ ქალაქში გამოიძებნოს შესაბამისი ადგილები, სადაც განვათავსებთ პრესის ჯიხურებს. ჯიხურების ვიზუალი, რა თქმა უნდა, შეთანხმებული იქნება შესაბამისს სამსახურებთან, რომ მათი დიზაინი ჩაჯდეს ჩვენი ქალაქის უბრანისტიკაში, რომ განსხავებული სურათი არ მივიღოთ”, – აღნიშნა კალაძემ.

მან ვიცე-მერს ირაკლი ხმალაძეს დაავალა, რომ განისაზღვროს ადგილები და გამოცხადდეს აუქციონი.

„თუმცა ეს არ ნიშანვს იმას, რომ ამ ჯიხურებმა კოკა-კოლა და სნიკერსი უნდა გაყიდოს. არავითარ შემთხვევაში. მხოლოდ და მხოლოდ პრესის მიმართულებით მოუწევთ მუშაობა”, – აღნიშნა კალაძემ.