ბუსა ჟვანიას პროკურატურამ ბრალი განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით წარუდგინა

პუბლიკა

ლევან თოფაძის დაჭრის საქმეზე პროკურატურამ ბუსა ჟვანიას ბრალი განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით წარუდგინა, რაც 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 2 აგვისტოს, გამთენიისას, ქ. თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ლ.თ.-ს საცხოვრებელი სახლის აივანზე, ბ.ჟ.-მ ლ.თ.-ს განზრახ მოკვლის მიზნით დანის რამდენჯერმე დარტყმით, სიცოცხლისათვის საშიში დაზიანებები მიაყენა, მათ შორის შემავალი ჭრილობები სახით გულმკერდის წინა და უკანა ზედაპირზე. ასევე ნაკვეთი ჭრილობა კისრის გვერდითა ზედაპირზე და ყურის ნიჟარაზე.

ლ.თ.-ს სიცოცხლის შენარჩუნება შესაძლებელი გახდა დროული სამედიცინო დახმარების გაწევის შედეგად“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

პროკურატურის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების შემდეგ ნივთმტკიცებაც ამოღებულია დანაშაულის ჩადენის სავარაუდო იარაღი – დანა. საქმეზე გამოძიება გრძელდება.

„პროკურატურა კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს თბილისის საქალაქო სასამართლოს ბ.ჟ.-სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით“, – წერს პროკურატურა.