ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულების ექიმებთან შეხვედრის შემდეგ პროკურატურის მიერ თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს თანამშრომლების დაკავების საკითხზე განცხადება გააკეთა.
„შეხვედრის მიზეზი იყო ვახტანგ ყიფიანის საქმე, სადაც ცალსახად გამოიკვეთა, რამდენი და რა მნიშვნელოვანი ცვლილებაა საჭირო საკანონმდებლო ბაზაში და ასევე, რეგულირებისა და პროფესიული კომპეტენციების ნუსხაში იმისთვის, რომ ვახტანგ ყიფიანი იყოს ბოლო ექიმი, რომელიც მოხვდა იმ გარკვეულ გაუგებრობაში, რომელშიც მას დღესდღეობით ეწოდა თაღლითი ექიმის სახელი“, – ამბობს ტიკარაძე.
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, სამინისტრო თავის მხრივ მზად არის, თავისი კომპეტენციის ფარგლებში განახორციელოს დამატებით არაერთი ქმედება იმისთვის, რომ სიცხადე შეიტანოს ამ საქმეში. მისი თქმით, უწყება მზადაა ითანამშრომლოს გამოძიებასთან.
„ამ შემთხვევაში საქართველოს რეგულაციები და საკანონმდებლო ბაზა არ იყო მზად იმისათვის, რომ ჩვენ განგვეხორციელებინა ბ-ნ ვახტანგ ყიფიანის კომპეტენციების ფარგლებში ის პროგრესული და თანამედროვე ჩარევა, რომელიც მან განახორციელა. მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, რომ უმოკლეს ვადაში მომზადდეს ეს რეგულაცია იმისათვის, რომ ვახტანგ ყიფიანის მსგავსად სხვა ექიმებიც არ აღმოჩდნენ მსგავსს ვითარებაში“, – განაცხადა ტიკარაძემ.
ჯანდაცვის მინისტრმა, ჟურნალისტის შეკითხვაზე – არის თუ არა ექიმი ვახტანგ ყიფიანი დამნაშავე? – უპასუხა, რომ ეს კონკრეტული შემთხვევა საკმაოდ კომპლექსურია. მისი თქმით, აქედან გამომდინარე, მაშინ, როდესაც მიმდინარეობს აქტიური გამოძიება 20 თვეა, მას არ მაქვს უფლება, მიიღოს კონკრეტული დასკვნა იმასთან დაკავშირებით, იყო ის დამნაშავე თუ არა.
„აქ საუბარია დანაშაულის სიმძიმეზე და სწორედ იქედან გამომდინარე, რომ საქართველოს რეგულაციები და საკანონმდებლო ბაზა არ არის სათანადოდ მომზადებული, რა თქმა უნდა, იკვეთება გარკვეული გადაცდომები. თუმცა, აქ ასევე აღსანიშნია და კიდევ ერთხელ ვამატებ, რომ დანაშაულს აქვს თავისი სიმძიმე“, – განაცხადა ტიკარაძემ.
დღეს თბილისის რამდენიმე კლინიკასთან დაკავებული ქირურგის ვახტანგ ყიფიანის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები ყიფიანისთვის აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული პატიმრობის გაუქმებას ითხოვენ.
პროკურატურამ სამსახურეობრივი გულგრილობის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობისა და უკანონო საექიმო საქმიანობის ბრალდებით „თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს“ დირექტორი და ამავე კლინიკის ექიმები 5 აგვისტოს დააკავა.
თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორს აღკვეთის ღონისძიებად გირაო, ხოლო ორ ექიმს პატიმრობა შეეფარდა.