ბელარუსში კიდევ ერთი დემონსტრანტი გარდაიცვალა - BBC

პუბლიკა

BBC-ის ცნობით, ბელარუსის საპროტესტო აქციების მეოთხე ღამეს, პოლიციის წინასწარი დაკავების იზოლატორში მეორე დემონსტრანტი გარდაიცვალა. 25 წლის მამაკაცის გარდაცვალების კონკრეტული მიზეზი უცნობია.

დაღუპულის დედა აცხადებს, რომ მის შვილს გულთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს კი ის პოლიციის კუთვნილ ფურგონში დიდი ხნით ყავდათ გამოკეტილი.

BBC-ის ცნობით, აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება დაგმო გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ. ბელარუსის სახელმწიფო ტელეარხი ჟურნალისტების ნაწილმა დატოვა. მათ ძალოვანი უწყების წარმომადგენლებს მიმართეს „სწორი გადაწყვეტილება” დროულად მიიღონ. მსგავსი გზავნილი გაავრცელა ბიზნესმენთა ნაწილმაც და მათ ფინანსურ დახმარებას დაჰპირდა. ომონს ძალადობრივი ქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდეს ექიმებმაც.


9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრ ლუკაშენკომ მე-6 ვადით იყარა კენჭი. ის 1994 წლიდან მართავს ბელარუსს. მინსკის ცენტრში მოქალაქეები მას შემდეგ შეიკრიბნენ, რაც ეგზიტპოლის შედეგები გამოქვეყნდა. ნაციონალური ეგზიტპოლის მიხედვით, ბელარუსის მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ხმების თითქმის 80% მიიღო. არჩევნების დღეს ბელარუსში დააკავეს ჟურნალისტები, მანამდე კი სვეტლანა ტეხანოვსკაიას საარჩევნო შტაბის წარმომადგენლები. BBC-ის ინფორმაციით, არჩევნებს არც ერთი საერთაშორისო დამკვირვებელი არ აკვირდებოდა. ოფიციალური მონაცმებით, საპროტესტო გამოსვლებში მონაწილე 3 000-მდე ადამიანია დაკავებული. სპეცრაზმელებსა და მოქალაქეების დაპირისპირებისას ერთი ადამიანი დაიღუპა.