არ მოგვერიდება სახელების დარქმევა, ვინ განახორციელა ეს უკანონო ქმედება - ზალკალიანი კიბერშეტევაზე

პუბლიკა

„კატეგორიულად მიუღებელია და ის უკანონო ქმედება, რომელიც ლუგარის ლაბორატორიის ცენტრის მიმართ განხორციელდა, არის იმ დეზინფორმაციული და უკანონო კამპანიის შემადგენელი ნაწილი, რომელიც ხორციელდებოდა პანდემიის პირობებშიც კი, საქართველოსთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და ძალიან ფასეული ინსტიტუტის მიმართ“, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ლუგარის ლაბორატორიაზე კიბერშეტევის შესახებ განაცხადა.

მისი შეფასებით, ეს იყო გამიზნული შეტევა იმისთვის, რომ ინსტიტუტის პარალიზება მოეხდინათ. მინისტრის თქმით, ლუგარის ლაბორატორია ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორია საქართველოს ხელისუფლებისა და საზოგადოების პანდემიასთან ეფექტიანად გამკლავების თვალსაზრისით.

„ეს დეზინფორმაციული კამპანია, რომელიც პანდემიის პირობებში დაიწყო, კვლავ გრძელდება. რაც ყველაზე შემაშფოთებელია, არის სწორედ ის კიბერთავდასხმა, რომელიც განხორციელდა რამდენიმე დღის წინ“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურები ძალიან მჭიდრო კოორდინაციის რეჟიმში არიან ყველა პარტნიორთან.

„რა თქმა უნდა, ჩვენ მათ გავუზიარებთ ინფორმაციას. არ მოგვერიდება სახელების დარქმევა, თუ საიდან განხორციელდა, ვინ განახორციელა ეს უკანონო ქმედება… ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა და ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ გამოვლინდეს ამ უკანონო ქმედების ავტორები და მათ ჰქონდეთ შესაბამისი მკაცრი შეფასება საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან“, – განაცხადა ზალკალიანმა.


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 1 სექტემბერს უცხო ქვეყნიდან კიბერშეტევა მოხდა ლუგარის ცენტრისა და ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემთა ბაზებზე.

შსს აცხადებს, რომ უკანონო შეღწევის შედეგად მოპოვებული დოკუმენტაციის ნაწილი ატვირთულია ერთ-ერთ უცხოურ ვებგვერდზე და მასობრივი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია.