„ღირსეული პარტნიორი 2020“ ოფიციალურად გაიხსნა

პუბლიკა

დღეს ვაზიანში, IV მექანიზებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2020“ ოფიციალურად გაიხსნა.

ცერემონიაზე სწავლებაში მონაწილე ჯარისკაცებს სიტყვით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ. გახარიას თქმით, „ღირსეული პარტნიორის“ წვრთნების ციკლი არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული და მხოლოდ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას ისახავს მიზნად.

ასევე, პრემიერის თქმით, მრავალეროვანი სწავლება მნიშვნელოვანია დასავლელ პარტნიორებთან შეიარაღებული ძალების თავსებადობის გაზრდისთვის, რაც საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში დაეხმარება.

„როდესაც მე აქ ვხედავ 2 800-მდე ჯარისკაცს, სამხედრო მოსამსახურეს, წარმომიდგენია, როგორი ეფექტიანი და ღირსეული იქნება მათი ერთობლივი წვრთნები. რა თქმა უნდა, უაღრესად დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ ჩვენს პარტნიორებს, პირველ რიგში, ამერიკის შეერთებულ შტატებს, საფრანგეთს, დიდ ბრიტანეთს, პოლონეთს, რამეთუ ყველას გვესმის, რომ ის ცოდნა, რასაც ჩვენი ჯარისკაცები მიიღებენ, ჩვენ ერთობლივად გლობალური მშვიდობის დასამყარებლად უნდა გამოვიყენოთ.

მოგეხსენებათ, რომ წვრთნა არის ჩვენი ჯარის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი იმისთვის, რომ საქართველოს, ამ ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაცია საბოლოო ჯამში გახდეს მიღწევადი“, – თქვა გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, პარტნიორებთან ერთად ჩატარებული წვრთნები საქართველოს საერთაშორისო სამშვიდობო მისიებშიც დაეხმარება და გლობალურ მშვიდობაში ქვეყნის როლს გაზრდის.

„ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ დღითიდღე უნდა გავაუმჯობესოთ ჩვენი ჯარის მდგომარეობა, ჯარისკაცების აღჭურვილობა, კეთილდღეობა და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მსგავსი წვრთნები არის საქართველოს თითოეული მოქალაქის და ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოს მშვიდობის გარანტი.

გარდა ამისა, ყველას მოგეხსენებათ, რომ საქართველოს სამხედრო ძალები აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა სამშვიდობო მისიებში როგორც ევროკავშირის ეგიდით, ასევე აშშ-ის და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ეგიდით. და ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ მსგავსი წვრთნები ჩვენს ჯარისკაცებს აძლევს შესაძლებლობას, ღირსეულად დაიცვან მუნდირი, რამეთუ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოს როლი გლობალურ მშვიდობაში კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს.

საბოლოო ჯამში, მსგავსი წვრთნებით, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, მათთან თავსებადობის გაზრდით, ჩვენ უნდა მივაღწიოთ საბოლოო ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. მადლობას გიხდით ღირსეული მსახურებისთვის. მადლობას ვუხდი ჩვენს სტუმრებს, ჩვენს პარტნიორებს, რამეთუ ყველას გვესმის, რომ ეს არის ჩვენი ხვალინდელი დღე.

მინდა გითხრათ, რომ ეს წვრთნები არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული. ეს წვრთნები არის საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაზრდისკენ მიმართული“, – განაცხადა გახარიამ.

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, საქართველო „ღირსეულ პარტნიორს“ უკვე მეხუთედ მასპინძლობს და მასში საქართველოს, აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, პოლონეთისა და საფრანგეთის 2700-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს.

გახსნსის ცერემონიას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკი ღარიბაშვილი, მინისტრთა კაბინეტის წევრები, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი და საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ესწრებოდნენ.