საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან ეროვნულ ბიბლიოთეკასთან გადაინაცვლეს, სადაც, მათი ინფორმაციით, ბიბლიოთეკაში დაგეგმილ ღონისძიებას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი უნდა დაესწროს.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის ცოტა ხნის წინ მცირე შეხლა-შემოხლაც იყო. აქციის მონაწილეებს პოლიცია საშუალებას არ აძლევს, შენობას მიუახლოვდნენ. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ თეა წულუკიანს თავიანთი ხმა უნდა გააგონონ.
როგორც აქციაზე შეკრებილები ამბობენ, დილიდან იგეგმებოდა პარლამენტის შესასვლელების პიკეტირება, თუმცა, მათი ინფორმაციით, დეპუტატები პარლამენტში დილით ადრე, მათ მიერ დაგეგმილ აქციამდე, 7 საათზე შევიდნენ პარლამენტში. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ პიკეტი და აქცია გაგრძელდება, მანამ სანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდება პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით.
პარლამენტში სესია დღეს, 12 საათზე არის ჩანიშნული.
პარლამენტის მიმდებარედ მობილიზებულია პოლიცია, თუმცა გუშინდელთან შედარებით – რაოდენობრივად ცოტა. ასევე, გუშინდელისგან განსხვავებით, პარლამენტის მიმდებარე ქუჩები სამართალდამცველებს რკინის კონსტრუქციებით დღეს აღარ ჩაუხერგავთ.