ონლაინლექციებზე ლექტორებისთვის შეურაცხყოფის მიყენებისთვის შსს-ს მივმართეთ - თსუ

პუბლიკა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის განცხადებით, ონლაინლექციის ჩაშლის მცდელობისა და ლექტორებისთვის შეურაცხყოფის მიყენების რამდენიმე ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართეს.

„შსს ამ პირთა იდენტიფიცირების შემდეგ, თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქმეს შესაბამის მსვლელობას მისცემს.

ერთი პირის იდენტიფიცირება თსუ-მ უმოკლეს დროში შეძლო. ის სტუდენტია და მის საკითხზე ფაკულტეტის საბჭო უახლოეს დღეებში შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს. თუ სხვა პირებიც სტუდენტები აღმოჩნდებიან, უნივერსიტეტი დამატებით იმსჯელებს მათ საკითხთან დაკავშირებითაც“, – აცხადებენ უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

როგორც თსუ-ში აცხადებენ, საკითხის განხილვისას უნივერსიტეტის ადმინისტრაცია „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით, უნივერსიტეტის წესდებითა და შიდა სამართლებრივი რეგულაციებით იხელმძღვანელებს.

Zoom-ის პლატფორმაზე მიმდინარე ონლაინლექციების კადრები რამდენიმე დღის წინ ინტერნეტში გავრცელდა.