დავით ფურცხვანიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

პუბლიკა

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე მტკიცებულებების ფალსიფიკაციის, პირადი მოტივით მართლსაჯულების ხელის შეშლის მიზნით, ცრუ ინფორმაციის მიწოდების ბრალდებით დაკავებულ დავით ფურცხვანიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. თავად ბრალდებულმა კი დუმილის უფლება გამოიყენა.


თამარ ბაჩალიაშივლის ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის თქმით, დავით ფურცხვანიძე არის ის პირი, რომელმაც მას ე.წ. სატელიტის ფოტოები მიაწოდა.

როგორც რამიშვილი ამბობდა, აღნიშნული ე.წ. სატელიტის ფოტოებით მტკიცდება, რომ ბაჩალიაშვილის დაკარგვის შემდეგ დღეებში – 19 და 20 ივლისს, თამარის ავტომანქანა იმ ადგილზე არ ჩანს, სადაც ის 23 ივლისს იპოვეს.

აღსანიშნავია, რომ პროკურატურამ აღნიშნულ ფოტოებზე ექსპერტიზა დანიშნა, და მათი თქმით, ექსპერტიზის დასკვნით, „მიხეილ რამიშვილის მიერ წარმოდგენილი ე.წ.სატელიტის ფოტოები არის დამონტაჟებული და ყალბი”. უწყებამ ამის შემდეგ სამართლებრივი რეაგირება დაიწყო.

პროკურატურამ მტკიცებულებების ფალსიფიკაციის, პირადი მოტივით მართლსაჯულების ხელის შეშლის მიზნით, ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე დავით ფურცხვანიძე დააკავა, – ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე პროკურორმა დავით გუმბერიძემ 25 სექტემბერს განაცხადა.