უწყებებს მოვუწოდებთ ინციდენტების სწრაფად, სრულყოფილად და მიუკერძოებლად გამოძიება უზრუნველყონ - TI

პუბლიკა

„საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველო” (TI) მარნეულში ჟურნალისტების ცემის ფაქტს ეხმაურება და სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, უზრუნველყონ ინციდენტების სწრაფად, სრულყოფილად და მიუკერძოებლად გამოძიება.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ გმობს მარნეულში დღეს მომხდარ თავდასხმის ინციდენტებს „მთავარი არხისა“ და „პირველი არხის“ ჟურნალისტებზე, აგრეთვე პოლიტიკურ აქტივისტებზე. არჩევნების მშვიდ და სამართლიან გარემოში ჩატარება საქართველოს მოქალაქეების უმთავრეს ინტერესს წარმოადგენს და ამის უზრუნველყოფის უმთავრესი ვალდებულება მოქმედ ხელისუფლებას ეკისრება. მოვუწოდებთ სამართალდამცავ უწყებებს უზრუნველყონ ინციდენტების სწრაფად, სრულყოფილად და მიუკერძოებლად გამოძიება”, – ნათქვამია განცხადებაში.

მარნეულში  ენმ-ის აქტივისტებსა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს შორის დღის ბოლოს კიდევ ერთი დაპირისპირება მოხდა. მოხმდარზე გამოძიება სსკ-ის 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო.

დღის ბოლოს ასევე ცნობილი გახდა, რომ მარნეულში თავს დაესხნენ „მთავარი არხისა” და „საზოგადოებრივი მაუწყებლის” თანამშრომლებს.

შსს-ს განცხადებით, ტელეკომპანია „მთავარის” და პირველი არხის თანამშრომლებისთვის პროფესიული საქმიანობის ხელისშეშლის ფაქტებზე დაიწყო გამოძიება და ინტენსიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.