2020 წლის იანვარში ე.წ. დამპალოს სასაფლაოზე 24 წლის მურად წურწუმიას მკვლელობასა და მისი ძმის ცემაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 10-წლიანი პატიმრობა შეფარდა. 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ასევე სპეცრაზმელის თანმხლებ პირს. გამოძიება მათ ჯგუფური ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ედავებოდა, რასაც სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა. ასევე, ბრალად ედებოდათ სხვა დანაშაულის დაფარვის მოტივით თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა და ჯგუფურად ცემა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ზ.ფ. და ვ.ბ. დამნაშავედ ცნო.
„2020 წლის 2 იანვარს, ღამის საათებში, თბილისში, ე.წ. „დამპალოს სასაფლაოს“ ტერიტორიაზე, ვ.ბ.-ს და ზ.ფ.-ს, ამ უკანასკნელის საკუთრებაში არსებული ავტომანქანასთან დაკავშირებით, ურთიერთშელაპარაკება მოუხდათ მ.ჩ.-სთან და მ.წ.-სთან. მხარეებს შორის კონფლიქტი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც აღნიშნულმა პირებმა, ჯგუფურად, მ.წ.-ს და მ.ჩ.-ს დაზიანებები, მათ შორის მ.წ.-ს სიცოცხლისთვის სახიფათო სხეულის დაზიანებები მიაყენეს.
მ.ჩ.-მ ჯგუფური ძალადობის შედეგად ფიზიკური ტკივილი განიცადა და შემთხვევის ადგილიდან გაქცევა მოახერხა. ჩადენილი დანაშაულის დაფარვის მიზნით კი ბრალდებულებმა მ.წ. ზ.ფ.-ს კუთვნილი ავტომანქანით ვ.ბ.-ს საცხოვრებელ ბინაში გადაიყვანეს, სადაც 3 იანვრის დილამდე უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა. მ.წ. მიღებული დაზიანებების შედეგად 4 იანვარს საავადმყოფოში გარდაიცვალა, “- ამბობენ პროკურატურაში.
ორივე ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულები დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში.