საქალაქოს მიერ გამართლებულ პედოფილიაში ბრალდებულ პირს სააპელაციომ 13 წელი მიუსაჯა

პუბლიკა

პედოფილიაში ბრალდებული ერთ-ერთი პირი 2020 წლის მაისის დასაწყისში საქალაქო სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო და დაზარალებული მცირეწლოვანი ბავშვისა და ასევე მცირეწლოვანი მოწმის ჩვენებები სარწმუნოდ არ მიიჩნია.

საქმე სააპელაციო სასამართლოში წავიდა. დღეს კი ზემდგომმა ინსტანციამ საქალაქო სასამართლოს გამამართლებელი გადაწყვეტილება გააუქმა და პედოფილიაში ბრალდებულს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

სწორედ სააპელაციოს სასამართლოში მიმდინარე განხილვის ეტაპზე ჩაერთო კავშირი „საფარი“ და იურისტი თამუნა ლუკავა ამ საქმეში. იურისტი „პუბლიკასთან“ ჰყვება, რომ საკმაოდ რთული საქმე იყო, რადგან პირველი ინსტანციის სასამართლომ ოქროს მოწმის ჩვენებები არ გაითვალისწინა.

„ჯერ კიდევ პანდემიის პერიოდში პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიღო გამამართლებელი გადაწყვეტილება. საქალაქომ განაჩენში მიუთითა, რომ საქმეზე  დაკითხული 5 და 7 წლის მოწმეები იყვნენ ასაკით პატარები და ისინი ქმედუუნარო პირებად მიიჩნია. მათ მიერ მიცემული ჩვენება კი ჩათვალა არასანდოდ.

ჩვენ ჩავერთეთ, როცა სააპელაციო სასამართლოში გადავიდა საქმის წარმოება. ჩვენი უმთავრესი მოთხოვნა იყო,  სააპელაციო სასამართლოს გაეთვალისწინებინა სწორედ დაზარალებულის მიერ მიცემული ჩვენება და ასევე ამ საქმეში არსებული ოქროს მოწმის – 7 წლის ბავშვის მიერ მიცემული ჩვენება“, – ამბობს თამუნა ლუკავა.

იურისტი აღნიშნავს, რომ პედოფილიის საქმეებში, როგორც წესი, ძალიან იშვიათად არიან მოწმეები, მაგრამ ამ საქმეში არსებობდა ოქროს მოწმე, რომლის ჩვენება აუცილებლად უნდა გაეთვალისწინებინა სასამართლოს და არ უნდა ემსჯელა ბავშვის ასაკზე.

„წარმოუდგენელი რამაა, რომ სასამართლომ ამაზე გააკეთა აქცენტი. არ აქვს არავითარი მნიშვნელობა ასაკს,  როდესაც საქმე ეხება დანაშაულს და როდესაც ბავშვს შეუძლია, თანმიმდევრულად ახსნას და გადმოსცეს მოვლენები,  რაც მან თავისი თვალით დაინახა“, – ამბობს იურისტი.

სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა აღნიშნული მოწმის ჩვენებები/გარემოებები/ მტკიცებულებები და დღეს პედოფილიაში ბრალდებულ პირს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

იურისტის ცნობით, მანამდე ბრალდებული საქალაქოს გადაწყვეტილების გამო გარეთ იყო და დაზარალებულთან ერთად ერთ სოფელში ცხოვრობდა.

„ბავშვს ამ პერიოდში დაეწყო ფსიქოლოგიური პრობლემები – შფოთვითი მდგომარეობა, უძილობა და ა.შ. ფსიქოთერაპიის კურსზე მივიყვანეთ და ფსიქოთერაპევტი გვყავს ახლაც ჩართული  და ის მუშაობს ამ ბავშვთან“, – ამბობს თამუნა ლუკავა.

ამ საქმეში დაზარალებულადაა ცნობილი მხოლოდ ერთი ბავშვი, ვისაც უშუალოდ შეეხო დანაშაული, თუმცა იურისტი ამბობს, რომ დაზარალებულად უნდა ცნონ მოწმეც, რომელიც შეესწრო ამ ფაქტს.

კავშირ „საფარის“ იურისტი, თამუნა ლუკავა ამბობს, რომ ისინი გააგრძელებენ ამ მიმართულებით მუშაობას, რომ მოწმე მცირეწლოვანიც დაზარალებულად ცნოს პროკურატურამ.

ამ საქმესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოს პროკურატურამაც. პროკურატურის ინფორმაციით, 2019 წლის ზაფხულში, ლაგოდეხის რაიონის ერთ-ერთ სოფელში 58 წლის კაცმა 5 წლის გოგონასთან სექსუალური ხასიათის ქმედება განახორციელა.

პროკურატურის ცნობით, სააპელაციო სასამართლომ ბრალდებული პირი დამნაშავედ ცნო 138-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, ძალადობით და დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით) დანაშაულის ჩადენაში. პროკურატურაში ამბობენ, რომ ისინი  მსგავსი კატეგორიის საქმეებზე უმკაცრეს სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებენ, რასაც მომავალშიც გააგრძელებენ.