პროკურატურამ მარნეულში მომხდარ ინციდენტზე 3 პირს ბრალი წარუდგინა

პუბლიკა

საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ „არჩევნების დანიშვნის დღიდან არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებამდე საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილას ძალადობის“ ფაქტზე დაკავებულ ლ.ქ. ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 162 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა.

პროკურატურის ცნობით, ასევე ძალადობის ფაქტებზე გ.შ.-ს ბრალდება 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ პუნქტებით (ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის მიმართ,), ხოლო გ.ჯ-ს 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინათ.

როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე გ.ქ. 2020 წლის 4 ოქტომბერს, ხოლო გ.შ. და გ.ჯ. 2020 წლის 3 ოქტომბერს დააკავეს.

„შსს-ს მარნეულის რაიონულ სამმართველოში მიმდინარე გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 31 აგვისტოს დანიშნულ 2020 წლის 31 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებამდე, 2020 წლის 29 სექტემბერს, დაახლოებით 14:00 საათზე, ქ.მარნეულში, №22-ე მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილზე, ურთიერთშელაპარაკებისას, ლ.ქ.-მ იძალადა ც.ბ.-ს მიმართ“, – წერია პროკურატურის განცხადებაში.

უწყების ცნობით, გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ 2020 წლის 29 სექტემბერს, დაახლოებით 21:00 საათზე, ქ.მარნეულში, შოთა რუსთაველის ქუჩა №67-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, გ.შ.-მ, სხვა პირებთან ერთად ჯგუფურად ძალადობა განახორციელა დ.ქ.-ს, ლ.ქ.-ს და გ.ქ.-ს მიმართ, ხოლო გ.ჯ.-მ, გ.შ.-სთან და სხვა პირებთან ერთად, ჯგუფურად, იძალადა გ.ქ.-ს მიმართ.

როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, ბრალდების მხარე კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს სასამართლოს ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უზრუნველყოფით გირაოს – 5 000 ლარის შეფარდების შუამდგომლობით. პროკურატურის ცნობით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.


29 სექტემბერს მთელი დღის განმავლობაში დაძაბული ვითარება იყო მარნეულში. თავდაპირველად ინციდენტი იმ დროს მოხდა, როცა საოლქო კომისიის ადმინისტრაციის წინ „ნაციონალური მოძრაობა“ აქციას მართავდა. ორივე მხარე – „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთმანეთს ადანაშაულებს პროვოკაციებში. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო.

საღამოს 10 საათისთვის მარნეულში კიდევ ერთი ინციდენტი მოხდა, რა დროსაც დაშავდა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი გივი ქველაძე და მისი შვილი ლაშა ქველაძე. ოპოზიციის წევრები თავდასხმის ხელმძღვანელობაში მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარეს, „ქართული ოცნების“ შტაბის უფროს ამირან გიორგაძეს ადანაშაულებს.

„ქართული ოცნების“ თქმით კი, დაპირისპირება ენმ-ის პროვოცირებული იყო. პარტიაში აცხადებენ, „ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტები „ქართული ოცნების” ოფისთან მივიდნენ და მათ მხარდამჭერებზე როგორც სიტყვიერად, ისე ფიზიკურად ძალადობა დაიწყეს, რის შემდეგაც ვითარება გართულდა და კონფლიქტი ორმხრივ დაპირისპირებაში გადაიზარდა.