სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ გარეჯის საქმეზე დაკავებულს - დანიაში საქართველოს ელჩი

პუბლიკა

დანიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, გიგი გიგიაძე დავით გარეჯის საკითხზე კომისიის წევრების დააკავებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ივერი მელაშვილს სრულ მხარდაჭერას უცხადებს.

„სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ ივერი მელაშვილს, რომელსაც პირადად ვიცნობ 1997 წლიდან და მიმაჩნია, რომ ის არის საკუთარი ქვეყნის, საქართველოს გამორჩეული პატრიოტი“, – ამბობს გიგი გიგიაძე.

სრულუფლებიანი ელჩი აღნიშნავს, რომ მელაშვილი სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესის პროფესიონალი და შეუცვლელი ექსპერტია.

„წარდგენილი ბრალდება იმდენად აბსურდული და საღ აზრს მოკლებულია, რომ ამაზე კომენტარის გაკეთებაც მიჭირს. იმედს ვიტოვებ, რომ ეს დაწყებული გამოძიება ყველა არსებულ კითხვას ამომწურავ პასუხს გასცემს და სრულიად უდანაშაულო, თავის ქვეყანაზე შეყვარებული ადამიანი მალევე გათავისუფლდება“, – წერს გიგიაძე.


პროკურატურამ დავით გარეჯის საკითხზე კომისიის ორი წევრი – ნატალია ილიჩოვა და ივერ მელაშვილი საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებების ბრალდებით დღეს დააკავა.

პროკურატურის განცხადებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებში სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.