მოძრაობა „სირცხვილიას“ ორგანიზებით პარლამენტის შენობასთან დაკავებული კარტოგრაფების ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.
აქციაზე სიტყვით გამოდიან როგორც სამოქალაქო საზოგადეობის წარმომადგენლები, მოძრაობის წევრები, ასევე პოლიტიკოსები. აქციაზე იმყოფება ივერი მელაშვილის ოჯახის წევრებიც.
პოლიტოკოსმა დავით ბერძენიშვილმა აქციაზე სიტყვით გამოსვლისას სასულიერო პირებს და მეცნიერებს მიმართა.
„ამ ადამიანებს ჩვენ ველოდებით გამოსულს ციხიდან ძალიან მალე, თავაწეულებს, სისტემასთან გამარჯვებულებს. ჩვენ ეს შეგვიძლია. მაგრამ რაც შეეხება საშინელ ასპექტს, როცა ვამბობთ ამდენი ხანია რომ საპატრიარქო შეზრდილია ხელისუფლებასთან – რუსული გავლენები, უკრაინის ავტოკეფალიის ვერაღიარება, საშინელებები, ფული, მიწები და ა.შ.
სადამდე მივედით, მათი ბრალდების, ცრუ ბრალდების, ცრუ ჩვენების საფძველზე უდანაშაულო ადამიანები დაკავებულები არიან, სად არიან სხვა წესიერი სასულირო პირები და ამ დროს ვიცი რომ ასეთები არიან, ბევრს ვიცნობ. ხმა ამოიღეთ უდანაშაულო ადამიანები თქვენი ანაფორით, თქვენი სინოდის სახელით ციხეში არიან. სად არიან ის მეცნიერები, ვისაც ჯერ ხმა არ ამოუღია, ვინც იმ კომისიაში ბატონ მელაშვოლთან ერთად მუშაობდა, ვინც იცის მშვენივრად, რომ ეს ადამიანები უდანაშაულოები არიან. არის პრინციპები, რომელიც ხანდახან ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა იყოს შენზე მაგარი, “- განაცხადა დავით ბერძენიშვილმა აქციაზე.
დავით ბერძენიშვილმა კარტოგრაფების საქმე ფოტოგრაფების საქმეს შეადარა და აღნიშნა, რომ „დღეს მთავარი ამოცანაა ეს ადამიანები არ ჩავაყენოთ იმ მდგომარეობაში რა მდგომარეობაშიც წინა ხელისუფლებამ ფოტოგრაფები ჩააყენა და საკუთარ თავზე დაიბრალეს ის, რაც მათ არ ჩაუდენიათ.”
დავით გარეჯის საკითხზე სადელიმიტიაციო კომისიის ყოფილი წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა პროკურატურამ საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებების ბრალდებით 7 ოქტომბერს დააკავა. მათ აღკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა აქვთ შეფარდებული. ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა ბრალს არ აღიარებენ.
პროკურატურის განცხადებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებში სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.