„დღეს ჩვენ აქ მოვედით იმისთვის, რომ დავდგეთ ერთად და სოლიდარობა გამოვუცხადოთ სისტემის წინაშე მარტო დარჩენილ ორ ადამიანს, რომელსაც ხელისუფლების ყველა შტო ერთად, შეთანხმებულად სრესს და აბრალებს ძალიან გაუგებარ რაღაცას, “- განაცხადა აქციაზე „სირცხვილიას“ აქტივისტმა შოთა დიღმელაშვილმა.
დღეს პარლამენტთან აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციის კომისისი ყოფილი წევრების, დაკავებული ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მხარადმჭერი აქცია გაიმართა.
„წავიდეთ უფრო შორს როგორ დაიწყო მთლიანად ეს საქმე, ეს საქმე 2019 წელს საპარლამენტო ტრიბუნიდან დაანონსა კრემლის ერთ-ერთმა ბოლო ბასტიონმა საქართველოში ირმა ინაშვილმა. ეს კრემლის ბასტიონები ამ პერიოდიდან აგორებენ ამ საქმეს და არჩევნების წინა ეს ყველაფერი გადატყდა უდანაშაულო ადამიანებზე. ამ საქმეში ჩართულია ისევე როგორც სარალიძის, მაჩალიკაშილის და ყველა გახმაურებულ საქმეში ხელისუფლების ყველა შტო. ამის გამოსავალი არ არსებობს ერთი და ორი რეფორმით და ვერც მესამე რეფორმას ვერ მოვითხოვთ რომ ამას ეშველოს. ერთადერთი გზა, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს არის სამწუხაროდ, არა რეფორმა, არამედ ამ ხელისუფლების წასვლა და ჩრდილოვანი მართველობის დასრულება, მხოლოდ ეს დაასრულებს საქართველში ამ უსამართლობას, “- განაცხადა შოთა დიღმელაშვილმა.
„შეწყდეს კარტოგრაფების საქმე“- ამ მოთხოვნით აქცია პარლამენტთან მოძრაობა „სირცხვილიას ორგანიძებით გაიმართა.
დავით გარეჯის საკითხზე სადელიმიტიაციო კომისიის ყოფილი წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა პროკურატურამ საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებების ბრალდებით 7 ოქტომბერს დააკავა. მათ აღკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა აქვთ შეფარდებული. ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა ბრალს არ აღიარებენ.
პროკურატურის განცხადებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებში სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.