შინაგან საქმეთა სამინისტროს აფხაზეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს 2 პირი, რომლებმაც გამოძიების ინფორმაციით, მოქალაქეებს დევნილის სტატუსის მოპოვებასა და ბინით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვას ჰპირდებოდნენ და თანხებს მოტყუებით ითვისებდნენ. მათ ბრალი თაღლითობის მუხლით ედებათ.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, რომლებიც დედა-შვილი არიან, მოქალაქეებს თანხების მოტყუებით მითვისებისა და ნდობის მოპოვების მიზნით ეცნობოდნენ, როგორც ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლები.
დაკავებულები 30-ზე მეტ მოქალაქეს დაჰპირდნენ, რომ დაეხმარებოდნენ სოციალურად დაუცველისა და დევნილის სტატუსის მოპოვებაში, ასევე, ჰპირდებოდნენ საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვას და ბინებით უზრუნველყოფას, რის სანაცვლოდაც თითოეულ მოქალაქეს მოტყუებით გამოართვეს და მიითვისეს თანხები – 2 000 ლარიდან 10 000 აშშ დოლარამდე.
გარდა ამისა, ბრალდებულებმა, თითქოსდა მისაღებ საცხოვრებელ ფართებში ავეჯის განთავსების სანაცვლოდ, ამავე მოქალაქეებისაგან დამატებით, მოტყუებით მიითვისეს ფული – 500-500 ლარის ოდენობით”, – წერს შსს.
გამოძიება ჯგუფურად, დიდი ოდენობით თანხის დაუფლებით მიზნით ჩადენილ თაღლითობის ფაქტზე მიმდინარეობს.