ხელოვნურია ამხელა დიდი პრობლემის ცენტრში 2 ადამიანის დაყენება - ჯაღმაიძე

პუბლიკა

აზერბაიჯანის საზღვართან დელიმიტაციის კომისიის ყოფილი წევრების დაკავების საკითხზე საუბრისას საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი ანდრეა ჯაღმაიძე აცხადებს, რომ ხელოვნურია ამ დიდი პრობლემის ცენტრში 2 ადამიანის დაყენება.

„კომისია დაქვემდებარებულია საგარეო საქმეთა სამინისტროს და მისი უწყების ქვეშ არის, ამიტომ, ჩვენი ბოლო კომენტარები გულისხმობდა ამას, რომ სახელმწიფოს მეტი ყურადღება მიექცია მისთვის. მე არ ვიცი, შიგნით რა პროცესი იყო, ვინ რას უშლიდა ხელს, მაგრამ ის, რომ ჯანსაღად არ მიმდინარეობდა პროცესი, ამის შესახებ ჩვენ ვსაუბრობდით. როდესაც ამ საკითხში ჩავიხედეთ, ეს ხელისუფლება იყო და ამ ხელისუფლებას ვსაყვედურობდით. ხელოვნურია ამხელა დიდი პრობლემის ცენტრში 2 ადამიანის დაყენება. შესაძლოა, ამ ორი ადამიანით არ შემოიფარგლებოდეს გასარჩევი საკითხი“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.


აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციის კომისიის ყოფილი წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბრიდან პატიმრობაში არიან.  მას შემდეგ, რაც პროკურატურამ საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებების ბრალდებით დააკავა. გამოძიების მტკიცებით, საზღვრების შეთანხმებისას მათ არ გამოიყენეს ერთ-ერთი რუკა, რომელიც საქართველოს ინტერესებში შედიოდა.

ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა ბრალს არ აღიარებენ. მიიჩნევენ, რომ პროკურატურის მიერ მტკიცებულებად მოყვანილი რუკის გამოყენება არ შეიძლებოდა. კომისიის ყოფილი წევრები ცდილობენ ახსნან, რატომ თქვეს უარი წლების წინ იმ რუკის გამოყენებაზე, რომლითაც გამოძიების მტკიცებით, საქართველოს თითქოსდა 3 500 ჰექტარი მიწით მეტი ექნებოდა მეზობელ ქვეყანასთან საზღვრების შეთანხმებისას.