ნინო ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტის გამო თაკო ჩარკვიანი ოპოზიციის შექმნილ ფორმატს ტოვებს

პუბლიკა

„კანონი და სამართალის“ თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი  და მისი პარტია ოპოზიციის მიერ პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით შექმნილ  ფორმატში მონაწილეობაზე უარს ამბობს. ამი შესახებ პარტიის გენერალურმა მდივნმა ირაკლი ღლონტმაც განაცხადა. როგორც ირაკლი ღლონტი წერს, მიზეზი ნინო ბურჯანაძის რუსეთში ვიზიტია.

„ჩემთვის და ჩვენი გუნდისთვის პრორუსული ვექტორის ძალებთან, ნებისმიერ ფორმატში ურთიერთობა, გარკვეულწილად ურთულესი თვითდისციპლინისა და ამავე დროს მორალური დისკომფორტის საკითხს წარმოადგენდა. შერჩეულ ფორმატს დავთანხმდით მხოლოდ იმის გამო, რომ გვქონდა საერთო მიზანი, რასაც პროპროციული არჩევნების დანერგვა და რიგგარეშე არჩევნების მოპოვება ჰქვია. ამ საკითხში ვთანხმდებით, რომ ყველას, მათ შორის ჩვენთვის მიუღებელ პოლიტიკურ სუბიექტებს, უნდა ჰქონდეთ სამართლიან და დემოკრატიულ არჩევნებში მონაწილეობის უფლება. ნებისმიერი სხვა ფორმატი სადაც, რაიმე სახით პრორუსულ ძალებთან გაერთიანება იქნებოდა დასაშვები, ჩვენთვის მიუღებელი იყო და არის.

ვრჩებით ქუჩის აქციის და ყველა სხვა პროტესტის მონაწილეები, რათა თანადგომა გამოვუცხადოთ ჩვენს მოსახლეობას და ამომრჩეველს, არ გამოვეყოთ ჩვენს საერთო და სამართლიან ბრძოლას, იქ სადაც ყველაზე საჭირო და აუცილებელია.

რუსულ ძალებთან ერთად, ერთ მაგიდასთან სხდომა ჩვენთვის მიუღებელია, მით უფრო იმის, ფონზე როდესაც ოპოზიციის ერთიანობის შემდეგ, ნინო ბურჯანაძის მიერ ოკუპანტ სახელმწიფოში განხორციელდა ვიზიტი, ჩვენი პოლიტიკური გუნდის აზრით, მეტად საეჭვო ვითარებაში, “- ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.