კანდიდატმა მელიამ უნდა დაასაბუთოს ან მოუწევს ცილისწამებაზე ბოდიშის მოხდა – კობიაშვილი

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი გლდანში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი სოციალურ ქსელში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერისა და გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატის, ნიკა მელიას ბრალდებას ეხმაურება.

„არჩევნების დღიდან მოყოლებული, არ მინდოდა ჩემი ოპონენტის ბრალდებებზე კომენტარის გაკეთება. ვთვლიდი, რომ არეულობის ინსცენირება და დრამების დადგმა უბნებთან მათი ჩვეული საარჩევნო სტრატეგია იყო და ჩვენგან ყველაზე სწორი რეაქცია ამ სპექტაკლების იგნორირება იქნებოდა.

მაგრამ, როგორც ჩანს, ამ სიბინძურის დასრულებას არ აპირებს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნიკანორ მელია. ახლა, როცა ვანდალიზმს და სისხლის სამართლის დანაშაულს გვაბრალებენ, უპასუხოდ ვერ დავტოვებ კანდიდატი მელიას ცილისწამებას.

ის ბრძოლის მეთოდები, რაც ამ პარტიას მისი არსებობის მანძილზე, 2003 წლიდან მოყოლებული ჰქონდა, არ შეცვლილა. მათ ვერ აუწყეს ფეხი ვერც დროს, ვერც ახალ პოლიტიკურ რეალობას და ვერც ამომრჩეველს.

მე არ მჩვევია მელიას სტილში ყაყანი და ბრალდებების უმისამართოდ ფრქვევა. მის დონეზე არ და ვერ დავალ!

დარწმუნებული ვარ, სამართალდამცავი უწყებებები აუცილებლად დაადგენენ, თუ ვის ინტერესებში შედიოდა, რატომ და ვინ გააჩინა ხანძარი ნიკანორ მელიას ერთ-ერთ ოფისში და ყველა დამნაშავე უმკაცრესად აგებს პასუხს კანონის წინაშე.

კანდიდატმა მელიამ კი უნდა დაასაბუთოს, რის საფუძველზე გვდებს ბრალს ოფისის დარბევაში და კრიმინალთან კავშირში, ან მოუწევს ცილისწამებაზე ბოდიშის მოხდა.

მისგან განსხვავებით, ჩვენ ტელესპექტაკლებს არ ვდგამთ.

მას შემდეგ, რაც სიმართლე გაირკვევა, მოსახლეობა კიდევ ერთხელ დაინახავს მათ ნამდვილ სახეს და კიდევ ერთხელ გამოჩნდება სად არის სიმართლე და სად ამორალური ტყუილები!“, – წერს კობიაშვილი.

მელიას განცხადებას გუშინ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა და დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემაც უპასუხა.

„განცხადებას რაც შეეხება, სამარცხვინოს ვუწოდებდი. კონკრეტული კრიმინალის, უცხო ქვეყნის მოქალაქის, პოლიტიკური ავანტიურისტის პირადი მოხმარების პარტიის უუფლებო წევრი, რომელიც აკეთებს ამ ტიპის და ამ შინაარსის განცხადებებს არის მხოლოდ და მხოლოდ სამარცხვინო. რასაც ისინი აკეთებდნენ და თავად შეუძლიათ, გააკეთონ, ჰგონიათ, რომ იგივეს გაკეთება შეუძლია სხვას“, – განაცხადა კალაძემ.

ნიკა მელიას მიერ დასახელებული ძმები ლევან და ნოდარ შუკაკიძეების ადვოკატებმაც გამართეს ბრიფინგი და გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატი ბრალდება უარყვეს. მათი თქმით, ნოდარ შუკაკიძე არც კალაძეს იცნობს და არც კობიაშვილს, ლევან შუკაკიძე კი, შესაძლოა, იცნობდეს ლევან კობიაშვილს.

„ეს წარმოადგენს დეზინფომრაციას, რადგან მათ არანაირი შემხებლობა დანაშაულთან არ გააჩნიათ“, – განაცხადა ადვოკატმა.

ნიკა მელია გლდანში თავისი ოფისის დაწვას „კობიაშვილ-კალაძესთან დაახლოებულ „კანონიერ ქურდსა“ და მის ძმას ლევან და ნოდარ შუკაკიძეებს უკავშირებს.

გლდანში, ნიკა მელიას საარჩევნო შტაბის ერთ-ერთ ოფისში ხანძარი გაჩნდა. შენობის მეპატრონე ამბობს, რომ ოფისის ფანჯარა ქვებით ჩაამსხვრიეს და შიგნით ბენზინის ბოთლი შეაგდეს.

„პუბლიკას“ შსს-ში განუცხადეს, რომ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.