ვინ როგორ გაიგო ეუთოს ასამბლეის განცხადება | პოლიტიკური შეფასებები

პუბლიკა

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზშია ნათქვამია, რომ აუცილებელია პოლიტიკური ჩიხის დაძლევა, რათა უზრუნველყოფილი იყოს ამომრჩეველთა ნების პატივისცემა. ეუთო-ს მოკლევადიანი სადამკვირვებლო მისიის სპეციალური კოორდინატორი ელონა ჯებრეა ჰოჯა ამბობს, რომ ყველა არჩეულმა პოლიტიკურმა პარტიამ უნდა აიღოს თავისი მანდატი, შევიდეს პარლამენტში და გააგრძელოს მუშაობა ინსტიტუტების ფარგლებში. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო დელეგაციის ხელმძღვანელი პია კაუმა აღნიშნავს, რომ საქართველომ საერთაშორისო პარტნიორების შუამავლობით წარმოებული ხანგრძლივი კონსულტაციების შემდეგ მნიშვნელოვანი დემოკრატიული რეფორმები გაატარა დემოკრატიის განვითარებისთვის.

ეუთო-ს განცხადებას გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე.

მისი თქმით, პარტნიორებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ გარემოში, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვით. მან იმედი გამოთქვა, რომ ოპოზიცია მათ მოწოდებებს გაითვალისწინებს პარლამენტში შესვლასა და დემოკრატიულ ინსტიტუტებში მუშაობასთან დაკავშირებით.

განცხადების პათოსი გაიზიარა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა. მისი თქმით, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად პარლამენტში შედის 9 პარტია, რაც ოპოზიციისთვის კარგი შესაძლებლობაა ცივილიზებული პოლიტიკური პროცესის წარმართვისთვის.

ოპოზიციონერთა ნაწილი ფიქრობს, რომ საერთაშორისო პარტნიორები, ჯერჯერობით, სრულ სურათს არ იცნობენ და ამიტომ აკეთებენ ამგვარ განცხადებებს.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ პანდემიის გამო ეუთოც, ევროსაბჭოც და სხვა მისიებიც საქართველოში არჩევნებზე წარმოდგენილი იყვნენ ძალიან შეზღუდული მასშტაბით, ამიტომ განსხვავებით ყველა სხვა არჩევნებისგან, „ამჯერად ფაქტობრივი მასალა ჰქონდათ ბევრად უფრო ნაკლები“.

„დიახ, ქვეყანა უნდა გამოვიდეს ჩიხიდან, ოღონდ ჩიხიდან გამოსვლა არ არის უკანონობის დაკანონება; ჩიხიდან გამოსვლა არ არის გაყალბებულ პარლამენტში შესვლა; ჩიხიდან გამოსვლაა ამ ქვეყანაში არჩევნების ჩატარება და გადაწყვეტა, ვინ უნდა მართოს ქვეყანა“, – განაცხადა ბაქრაძემ.

ხატია დეკანოიძე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, აცხადებს, რომ ეუთოს ეს განცხადება შუალედური შეფასებაა და ისინი მუშაობას აგრძელებენ საერთაშორისო პარტნიორების ინფორმირებისთვის.

„ძალიან მნიშვნელოვანია, გვესმოდეს ის, რომ ჩვენ მათ შორის არ ჩამოგვიტოვებია პროტესტის პარალელურად სამართლებრივი ჭრილი, მათ შორის მოლაპარაკებები გულისხმობს იმას, რომ ჩვენ გვინდა კრიზისიდან გამოსვლა. ამიტომ, როდესაც იქნება თავისუფალი არჩევნები, საქართველოს მოსახლეობის წარმომადგენლები აუცილებლად გამოვიყენებთ ამ მანდატს, მაგრამ არა ახლა“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი თაკო ჩარკვიანი აცხადებს, რომ როდესაც შეიქმნება სრული სურათი უცხოელებისთვის, რა ტოტალურ გაყალბებაზეა საუბარი, მათი აზრები დაემთხვევა.

„ლელოს“ წარმომადგენელი დავით უსუფაშვილი ეთანხმება ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელს და ამბობს, რომ საქართველოს ყველაზე ნაკლებად სჭირდება ის პოლიტიკური ჩიხი, საითაც ერთპარტიული მმართველობის მსურველმა ხელისუფლებამ წაიყვანა.

„აქედან გამოსავალი უნდა მოვძებნოთ. ესაა სწორედ მოლაპარაკებების ამოცანა. ჩვენ ვიხილავთ მხოლოდ და მხოლოდ კონსტიტუციურ გამოსავალს. შეგახსენებთ, რომ ვადამდელი არჩევნები, თუ გნებავთ რიგგარეშე არჩევნები, ეს არის კონსტიტუციური მექანიზმი და ინსტიტუტი“, – აცხადებს დათო უსუფაშვილი.

„დედამიწის ზურგზე ვერავინ, ვინც დემოკრატიაზე ლაპარაკობს, ვერ გვიბრძანებს პარლამენტში შესვლას, რომელიც არის გაყალბებული და მანიპულირებული“, – განაცხადა „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ.

მისი თქმით, ეუთო იმ შემთხვევაში მოუწოდებს პარლამენტში შესვლისკენ, თუ დადასტურდება, რომ არჩევნების შედეგები არ არის გაყალბებული.

„მე არ წამიკითხავს ასეთი პირდაპირი მოწოდება, გინდა თუ არა, შედით პარლამენტშიო. ეუთო/ოდირის დასკვნა, რომელიც იყო დაწერილი (და კიდევ უფრო მძიმე დასკვნა დაიწერება), პირდაპირ მოიცავს იმ დარღვევებს, რა დარღვევებიც იყო ჩამოთვლილი და წერდა, რომ აუცილებელია მათი გამოსწორება. როდესაც მეორე ტურისა და შემაჯამებელი ოქმის შემდეგ დადგინდება, რომ ეს შედეგები გამოსწორებას არ ექვემდებარება, გარწმუნებთ, ეუთო-ოდირის დასკვნა კიდევ უფრო მკაცრი იქნება“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.