თბილისის საქალაქო სასამართლო ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის საკითხზე დღეს იმსჯელებს. სხდომა 11:00-ზეა ჩანიშნული.
ადვოკატები მოითხოვენ, მათი დაცვის ქვეშ მყოფები პატიმრობიდან თავდებობით გათავისუფლდნენ, რისთვისაც 26 ნოემბრიდან ხელმოწერებს აგროვებდნენ.
ნატალია ილიჩოვას ადვოკატმა, „უფლებები საქართველოს“ წარმომადგენელმა, გიორგი მახარაძემ „პუბლიკას“ უთხრა, რომ სასამართლოში თავდებობის მსურველი 214 პირის ხელმოწერას წარადგენენ.
„ჩვენ დღეს სასამართლოში წარვადგენთ ექსპერტიზის ახალ დასკვნას, რომელიც ადასტურებს, რომ ის სადაო რუკები, რომლის არგამოყენებისთვისაც მისცეს პასუხისგებაში ბრალდებულები, არის უვარგისი კარტოგრაფიულად, მასზე დატანილი მონაცემები არის სრულ აცდენაში რეალობასთან. შესაბამისად, ეს კიდევ ერთხელ ამყარებს ბრალდებულების პოზიციას, რომ მათ შეამოწმეს ეს რუკები და იყო გამოუსადეგარი და ამიტომ არ გამოიყენეს”, – ამბობს ივერი მელაშვილის ადვოკატი ედუარდ მარიკაშვილი.
აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციის კომისიის ყოფილი წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 8 ოქტომბრიდან პატიმრობაში არიან. გამოძიების მტკიცებით, საზღვრების შეთანხმებისას მათ არ გამოიყენეს ერთ-ერთი რუკა, რომელიც საქართველოს ინტერესებში შედიოდა.
ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა ბრალს არ აღიარებენ. მიიჩნევენ, რომ პროკურატურის მიერ მტკიცებულებად მოყვანილი რუკის გამოყენება არ შეიძლებოდა. კომისიის ყოფილი წევრები ცდილობენ ახსნან, რატომ თქვეს უარი წლების წინ იმ რუკის გამოყენებაზე, რომლითაც გამოძიების მტკიცებით, საქართველოს თითქოსდა 3 500 ჰექტარი მიწით მეტი ექნებოდა მეზობელ ქვეყანასთან საზღვრების შეთანხმებისას.