ერთი საღი არგუმენტი არ მოგვისმენია, რატომ უნდა დარჩენილიყვნენ პატიმრობაში - ადვოკატები კარტოგრაფების პროცესზე

პუბლიკა

ბრალდებულ ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის პატიმრობაში დატოვების შემდეგ ადვოკატებმა და ოჯახის წევრებმა განცხადებები გააკეთეს.

ადვოკატები ამბობენ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და ტყუილ ბრალდებებზე დაფუძნებული. ისინი გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ.

„აღკვეთის ღონისძიება არ შეიცვალა. დარჩა პატიმრობა ძალაში. 48 საათი გვაქვს საიმისოდ, რომ გავასაჩივროთ აღნიშნული განჩინება.

სასამართლომ ძალიან მოკლედ განმარტა, თითქოს დაცვის მხარეს ახალი არაფერი წარგვიდგენია, რაც ახალ გარემოებად შეიძლება ჩათვლილიყო. ეს არის სიცრუე. ან ჩვენ არ გვისმენდა, ან შეგნებულად ტყუის მოსამართლე;

მეორე არგუმენტი ის იყო, რომ, თურმე, ბრალდებულებს ადრე გადაუმალავთ/გაუნადგურებიათ რამდენიმე მტკიცებულება, რაც ასევე წარმოუდგენელი სიცრუეა. გალაქტიკის მასშტაბის ტყუილების კორიანტელი მოვისმინეთ. 7 საათია, ამ სხდომაზე ვიმყოფებით ადვოკატები და ერთი საღი არგუმენტი არ მოგვისმენია იმის შესახებ, რატომ უნდა დარჩნენ მელაშვილი და ილიჩოვა პატიმრობაში.

ცხადია, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გავასაჩივროთ და შეიცვალოს მათი გადაწყვეტილება“, – განაცხადა ნატალია ილიჩოვას ადვოკატმა, გიორგი მახარაძემ.

ივერი მელაშვილის ადვოკატის, ედუარდ მარიკაშვილის შეფასებით, სასამართლოს განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების გამბედაობა არ აღმოაჩნდა.

„ამ საქმის სპეციფიკიდან და კონტექსტიდან გამომდინარე, განსხვავებულ გადაწყვეტილებას სჭირდებოდა ძალიან დიდი გამბედაობა და, როგორც ჩანს, მოსამართლეს ეს გამბედაობა არ აღმოაჩნდა. ეს გამბედაობა, ზოგადად, მართლმსაჯულების სისტემისთვის არის ძალიან უცხო, ძალიან მცირე, რადგან ისინი ვერ ბედავენ ასეთ მნიშვნელოვან საქმეზე დაცვის მხარისთვის სასარგებლო გადაწყვეტილების მიღებას“, – განაცხადა ედუარდ მარიკაშვილმა, ივერი მელაშვილის ადვოკატმა.

ივერი მელაშვილის ცოლი სასამართლოს გადაწყვეტილებას უსამართლოს უწოდებს. ამბობს, რომ არ ელოდა ამგვარ შედეგს.

„ეტყობა, ზემოდან დავალებაა; როგორც უნდა, ისე წყვეტენ ყველაფერს. როგორ ველოდი, როცა ძალიან ბევრი მტკიცებულება იყო იმისთვის, რომ ეს ხალხი გამოეშვათ პატიმრობიდან. რუკა, რასაც ასე ატრიალებენ, ექსპერტებმა დაადგინეს, რომ გამოუსადეგარია და ესენი ამას ეყრდნობოდნენ“, – განაცხადა მან.

საქმის პროკურორ მიხეილ სადრაძის თქმით, „სასამართლოს ეს გადაწყვეტილება კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი სტანდარტით ნიშნავს იმას, რომ ბრალდებულების მიერ დანაშაულის ჩადენა და ასევე ბრალდებულების მხრიდან, როგორც გამოძიების, ასევე მართლმსაჯულების განხორციელების პროცესზე უარყოფითი მონაწილეობა შესაბამისი მტკიცებულებებით და სტანდარტით, არსებობს”.

მისი თქმით, საქმეზე გრძელდება გამოძიება და შესაბამისი შედეგების თაობაზე საზოგადოებას ინფორმაცია ეტაპობრივად მიეწოდება.

„მოტივთან დაკავშირებით, კონკრეტული მიმართულებები გამოკვეთილია, ამაზე აქტიურად ვმუშაობთ და როცა გამოძიება დასრულდება, აბსოლუტურად ყველაფერს საზოგადოებას ვაცნობებთ”, – განაცხადა სადრაძემ.


თბილისის საქალაქო სასამართლომ ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას აღკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა არ შეუცვალა. სასამართლოს გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა.

პროკურატურის შუამდგომლობა მათი აღკვეთი ღონისძიების, პატიმრობის ძალაში დატოვება იყო. სახელმწიფო ბრალმდებელმა, მიხეილ სადრაძემ მედიას განუცხადა, რომ ილიჩოვასა და მელაშვილის გამოძიებასა და მართლმსაჯულებაში „უარყოფითი მონაწილეობის საფრთხეები მაღალი ხარისხით არსებობს“.

დაცვის მხარის ადვოკატებმა მოსამართლეს იმ 214 ადამიანის ხელმოწერა წარუდგინეს, რომელთაც სურვილი გამოთქვეს, რომ კარტოგრაფებს თავდებში ჩადგომოდნენ.

სასამართლო პროცესის პარალელურად, საქალაქოს ეზოში აქციაც გაიმართა. იქ მისულმა აქტივისტებმა და პოლიტიკოსებმა პროკურორი შეძახილით – „მონა!“ შეაცილეს სასამართლოს შენობაში. შეფასებებში ჟღერდა ისეთი ფრაზები, როგორიცაა: „სინდისის პატიმრები“, „ივანიშვილის პირადი ტყვე“ და ა.შ.