არ არსებობს საგამოძიებო მექანიზმის ინსტიტუციური და ფუნქციური დამოუკიდებლობის საკმარისი გარანტია | NGO-ები

პუბლიკა

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) და „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის გამოწვევების შესახებ განცხადებას ავრცელებენ.

მათი შეფასებით, ერთი წლის თავზე არ არსებობს ამ სამსახურის ინსტიტუციური და ფუნქციური დამოუკიდებლობის საკმარისი გარანტია.

ორგანიზაციები ინსტიტუტის შექმნას აფასებენ, როგორც უმნიშვნელოვანესს წამებისა და არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით, თუმცა, მათი თქმით, საჭიროა ნაბიჯები ინსპექტორის სამსახურის გაძლიერებისთვის.

2019 წლის 1 ნოემბრიდან ამოქმედდა კანონი, რომლითაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს შეუძლია გამოიძიოს სამართლდამცავთა მიერ უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების, წამების, არასათანადო მოპყრობისა და სახელმწიფოს ეფექტური კონტროლის ქვეშ მყოფი პირის მიმართ ჩადენილ ძალადობრივი დანაშაულები.

„სამსახურის ამოქმედებიდან ერთი წლის განმავლობაში, მნიშვნელოვანი ინსტიტუციური ნაბიჯები გადაიდგა მის მიერ სწრაფი და კვალიფიციური გამოძიების  წარმოებისთვის (კვალიფიკაციური კადრების მოზიდვა,  დანაშაულებზე დროული რეაგირების მექანიზმის დანერგვა, ინფრასტრუქტურული გამოწვევების მეტ-ნაკლებად მოგვარება და ა.შ.).

ამის მიუხედავად, რეალური ფუნქციური დამოუკიდებლობისთვის, აუცილებელია, სამსახურს შეეძლოს დამოუკიდებლად (ზედამხედველი პროკურორის ჩარევის გარეშე) მიიღოს გადაწყვეტილებები ისეთ საგამოძიებო მოქმედებებზე, როგორიცაა ჩხრეკა, ამოღება, კომპიუტერული სისტემიდან ინფორმაციის გამოთხოვა, გამოძიების პროცესში მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მოწმის დაკითხვა.

სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა, პროკურორს უფლებამოსილებას ანიჭებს, გამოძიების პროცესში გასცეს სავალდებულო მითითებები. გარდა ამისა, გენერალური პროკურორს შეუძლია საგამოძიებო სამსახურის ქვემდებარე დანაშაული სხვა საგამოძიებო უწყებას გადასცეს გამოსაძიებლად.

მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს სახელმწიფო ინსპექტორის ვიწრო მანდატი, რომელიც, ერთი მხრივ, სრულად გამორიცხავს გამოძიების წარმოების უფლებამოსილებას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მიერ შესაძლო ჩადენილ დანაშაულზე. ამავდროულად, სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარებაში არ შედის სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი არაერთი დანაშაული. შესაბამისად, აუცილებელია სამსახურის უპირატესი საგამოძიებო იურისდიქცია გავრცელდეს ყველა იმ დანაშაულზე, სადაც არსებობს პოლიციის თუ პროკურატურის თანამშრომლის შესაძლო ჩართულობა.

დასახვეწია სახელმწიფო ინსპექტორის შერჩევა-დანიშვნის პროცედურები, რათა ამ პროცესში მაქსიმალურად იყოს დაზღვეული პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება და კანდიდატის შერჩევა პოლიტიკური ლოიალურობის მიხედვით.“, – წერია განცხადებაში.

EMC და IDFI საჭიროდ მიიჩნევენ:

  • დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის მანდატის გაზრდას, რათა მის კომპეტენციაში მოექცეს სამართამდამცავთა მიერ ჩადენილი ყველა დანაშაული;
  • საპროკურორო და საგამოძიებო ფუნქციათა გამიჯვნას, რათა სამსახურის მიენიჭოს უფლებამოსილება, დამოუკიდებლად წარმართოს გამოძიება და ჩაატაროს მნიშვნელოვანი საპროცესო/საგამოძიებო მოქმედებები;
  • სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე შერჩევა/დანიშვნის პროცედურის დახვეწას, რათა გამორიცხული იყოს შერჩევის პროცესზე პოლიტიკური გავლენები;
  • სახელმწიფოს მხრიდან ასევე აუცილებელია, დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი გაძლიერდეს მატერიალური და ადამიანური რესურსების სათანადო უზრუნველყოფით.