„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმის სასამართლო განხილვა 7 დეკემბრიდან განახლდება. ამის შესახებ ის თავად წერს სოციალურ ქსელში.
საუბარია ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისებისა და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის საქმეზე, რომელსაც პროკურატურა 2019 წლის 20 ივლისიდან იძიებს.
ნიკა გვარამია სასამართლო პროცესების განახლებას „რეპრესიების ახალ ტალღას“ უწოდებს. გვარამია ვარაუდობს, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკების პროცესის პარალელურად მას „სავაჭრო თემად“ გამოიყენებენ.
„ეტყობა ძაან საშურია კორონა პანდემიის პიკში და თან წინასაახალწლოდ ჩემი დაჭერა და ნეიტრალიზაცია. ან სავაჭრო თემად გამოიყენებენ მოლაპარაკებების დროს, სადაც ტყვეებით ვაჭრობა ეტყობა მოსულა, თან დიპლომატიური დაკვირვების პირობებში.
ღიად ვაცხადებ, რომ არც ერთ მოლაპარაკებაში არ ვსაჭიროება ჩემი საკითხის გამო „ოცნების“ ტყვეებით მოვაჭრე ტერორისტულ რეჟიმთან რაიმე დათმობაზე წასვლას. გმადლობთ, მირჩევნია, ჩემი ციხეში წასვლით კიდევ უფრო ჩამოვხადო ნიღაბი ივანიშვილს და კიდევ უფრო დავაჩქარო მისი სანაგვეზე გადაგდება, ვიდრე რაიმე დათმობით მისი უბოროტესი რეჟიმის გახანგრძლივებას შევუწყო ხელი.
რვა მარტის შეთანხმება ხომ გახსოვთ, აი, ნაწილობრივ პროპორციულთან ერთად ჩემი და სხვა პოლიტმოტივირებული საქმეები რომ გაჩერდა იმავე ელჩების მონაწილეობით, დღესაც რომ მედიატორობენ. ხოდა, როგორ სრულდება, კი ხედავთ. ამიტომ, „ოცნებასთან“ მოლაპარაკებას აზრი არა აქვს, სუფთა პრაგმატულად. იდეალისტურად კი, ელჩებით თუ უელჩოდ, „ქართული ოცნება“ არის ტერორისტი და ტყვეებით მოვაჭრე, და ტერორისტებთან მოლაპრაკება არ შეიძლება.
ელჩების გამკვირვებია, ტყვეთა ბაზარში რატომ იღებენ მონაწილეობას, რატომ არიან ჩართულები პროცესში, სადაც „ქართული ოცნება“ შანტაჟის მიზნით ტყუილად დაკავებული ან დასაკავებელი ადამიანების თავისუფლებით ვაჭრობს? თუ არც ისაა ცხადი, რომ ადამიანები ტყუილად არიან დაჭერილები თუ დასაჭერად გამზადებულუები? აქაც ოქმები და დასაბუთებაა საჭირო ფატალურობის დასადგენად? ან, რომელი შეთანხმება იქნა დაცული, სადაც გარანტორებად იგივე ელჩები იდგნენ? რომელი ერთი არ დაარღვია ოცნებამ? თუ ოცნებისგან ქრონიკული გადაგდება მოსულა? უხერხული აღარ, უკვე სირცხვილია“, – წერს ნიკა გვარამია Facebook-ზე.
ნიკა გვარამიას ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი „მთავარ არხთან“ აცხადებს, რომ მარტის მერე ნიკა გვარამიას საქმეზე არც ერთი სასამართლო პროცესი აღარ ჩატარებულია. მისი თქმით, 8 მარტის შეთანხმების ერთ-ერთი ნაწილი სასამართლოს პოლიტიკური მიზნებისთვის არგამოყენება იყო.
„ახლა სასამართლოს მხრდიან ამ საქმის დაჩქარება ნიშნავსმ რომ ხელისუფლებამ გეგმები ამ საქმესთან დაკავშირებით და ზოგადად პოლიტიკური მოტივაციით ნაკარნახევ საქმეებთან დაკავშირებით შეცვალა; საბოლოოდ რა შედეგამდე მივალთ არ ვიცით, იმიტომ რომ ეს არ არის სამართლებრივ გარემოებებზე დამყარებული საქმე, პოლიტიკური ნების აღსრულებას ახდენს სასამართლო, რა დაკვეთაც იარსებებს, შედეგიც ის დადგება“, – აცხადებს საძაგლიშვილი.
საგამოძიებო უწყება ნიკა გვარამიას ედავება სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2-ის“ კუთვნილი ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტებს. ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება; გვარამიას ბრალად ასევე ედება საწარმოში ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის გამორჩენის მიღების მიზნით.