პანკისის ხეობაში იბრაჰიმ ქავთარაშვილის მკვლელობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განზრახ მკვლელობის ბრალდებით ახმეტის მუნიციპალიტეტში 1 პირი – 1975 წელს დაბადებული ხ.გ. დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 17 იანვარს, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისში, ურთიერთშელაპარაკების გამო, თავის თანასოფლელს – 1979 წელს დაბადებულ ი.ქ.-ს ცივი იარაღით სხეულზე სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და მიიმალა. მიღებული ჭრილობების შედეგად, ი.ქ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა”, – წერს შსს.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა, რამდენიმედღიანი ინტენსიური საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული პანკისის ხეობაში დააკავეს.

როგორც შსს წერს, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.