„დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის“ ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ბრიტანეთის მარეგულირებელი აპირებს, აღიაროს Novavax-ის ვაქცინა და სხვა ავტორიზებულ ვაქცინებთან ერთად დაინერგოს ის. გამყრელიძის თქმით, კვლევის ეტაპზეა კიდევ 3 ვაქცინა, რომლებიც, მისი პროგნოზით, გვიან გაზაფხულზე გამოჩნდება ბაზარზე.
„ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ დღეს სერიოზული დეფიციტია, გლობალურად, ვაქცინების მთელ მსოფლიოში და ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რაც განიხილებოდა ჯანმოს კომიტეტზე გასულ კვირას და დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე, უსამართლობა ვაქცინების მიწოდებაში. ძირითადად, ქვეყნები, სადაც იცრება მოსახლეობა, არის მდიდარი, მაშინ, როცა საშუალო და დაბალგანვითარებულ ქვეყნებში, სამწუხაროდ, მიწოდება გვიანდება“, – განაცხადა გამყრელიძემ.
ამირან გამყრელიძემ ასევე ისაუბრა, რა ეტაპზეა საქართველოს მოლაპარაკება COVAX-პლატფორმასთან.
მისი ინფორმაციით, დღეს, 29 იანვარს ელოდებიან გადაწყვეტილებას.
გამყრელიძე ამბობს, რომ COVAX-პლატფორმაზე განთავსებულია Pfizer-ის ვაქცინის დაახლოებით 1 000 000-მდე დოზა, რომელიც უნდა განაწილდეს 51 დაბალგანვითარებულ და საშუალოგანვითარებულ ქვეყანაზე.
მისი თქმით, უახლოეს დღეებში გვეცოდინება, რომელ ქვეყნებს აარჩევენ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ საქართველო იმ 12 ქვეყანას შორისაა, რომელიც აკმაყოფილებს Pfizer-ის მიღების ყველა პირობას.
გამყრელიძის თქმით, მოლოდინია, რომ თებერვლის ბოლოს-მარტის დასაწყისში, AstraZeneca-ს პირველ 3%-ს საქართველო მიიღებს.
„20% ხომ უნდა მივიღოთ, ზოგადად, დასაფარავად და COVAX-პლატფორმიდან დიდი იმედი გვაქვს 3%-ს I კვარტალში მივიღებთ“, – განაცხადა მან.
ამირან გამყრელიძის ცნობით, 2021 წელს COVAX-პლატფორმას 2 მილიარდი დოზა ვაქცინა აქვს შეძენილი და კიდევ მიმდინარეობს დამატებითი მოლაპარაკებები 1 მილიარდ დოზა ვაქცინაზე.