Novavax-ის ვაქცინამ დიდ ბრიტანეთში 89%-ზე მაღალი ეფექტიანობა აჩვენა

პუბლიკა

კომპანია Novavax-ის ვაქცინის კვლევამ კორონავირუსის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთში წარმატებული შედეგი აჩვენა. ვაქცინის ეფექტიანობა კლინიკური ცდების მესამე ეტაპზე ბრიტანეთში 89.3% იყო, თანაც ვაქცინა გამოსცადეს კორონავირუსის ახალ შტამზეც, რომელიც ინგლისში გავრცელდა.

BBC წერს, რომ კომპანია ახლა ელოდება ქვეყნის მარეგულირებლის მხრიდან ვაქცინაზე ნებართვის გაცემას, რათა მისი წარმოება დაიწყოს. ვარაუდობენ, რომ Novavax-ის ვაქცინა დიდ ბრიტანეთში წლის მეორე ნახევრიდან იქნება ხელმისაწვდომი.

Novavax-ის განცხადებით, დიდ ბრიტანეთში წარმოებული კვლევის მესამე ეტაპზე 18-დან 84 წლამდე ასაკის 15 000-ზე მეტი ადამიანი იყო ჩართული, მათ შორის, 27% იყო 65 წელს ზემოთ მყოფი პირი.

ვაქცინამ შედარებით დაბალი ეფექტიანობა – დაახლოებით 60% აჩვენა სამხრეთ აფრიკაში, სადაც კვლევებში გამოსცადეს კორონავირუსის სამხრეთ აფრიკული შტამიც. თუმცა, თავად Novavax-ის განცხადებით, სამხრეთ აფრიკაში ნაჩვენები შედეგიც იმაზე უკეთესი აღმოჩნდა, ვიდრე თავდაპირველად ვარაუდობდნენ.

BBC-ის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ კომპანია Novavax-ს ვაქცინის 60 მილიონი დოზა უკვე შეუკვეთა.