სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებით 5 პირი დააკავეს - ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

პუბლიკა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე ხუთი პირი ამხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად უწყება ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ გასულ წლებში, იმერეთის რეგიონში განხორციელდა გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის ზედამხედველობა და მიღება დაევალა ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის შესაბამის კომისიას.

ბრალდებულების მიერ, რომლებიც იყვნენ ამ კომისიის წევრები, არაჯეროვნად განხორციელდა დაკისრებული მოვალეობები, რამაც გამოიწვია სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა.

კერძოდ, დანაშაულში მხილებულ პირთა მხრიდან გამოჩენილი სამსახურებრივი გულგრილობის შედეგად, კონტრაქტორმა კომპანიამ შეასრულა ნაკლები მოცულობის სამუშაოები, ვიდრე ეს ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული.

პასუხისგებაში მიცემულ პირთაგან სამი მოქმედი, ორი კი ყოფილი საჯარო მოხელეა. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით“, – ნათქვამია განცხადებაში.