შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ტრანსგენდერი ქალის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფისთვის 1 პირი დააკავეს. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, პოლიციამ ბრალდებული გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი ძალადობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავა.
დანაშაული 1 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე, გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ტრანსგენდერ ქალს, რომელმაც მომხდარის შესახებ აცნობა პოლიციას. სამართალდამცველებმა ლ.კ. მომხდარიდან მალევე ბრალდებულის სახით დააკავეს“, – წერია შსს-ს განცხადებაში.
გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.