8 მოქალაქე დაჯარიმდა, 19-ზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა - შსს დაუმორჩილებლობის მარშზე

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში  6-7 თებერვლის ე.წ. დაუმორჩილებლობის აქციაზე, გადაადგილების შეზღუდვის დარღვევის ფაქტზე, 51 პირის იდენტიფიცირება მოხდა.

როგორც „პუბლიკას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მათგან 8 პირი 2 000-2 000 ლარით დაჯარიმდა.

24 პირზე მიმდინარეობს ადმინისტრაციული სამართალწარმოება/მოკვლევა. „პუბლიკას“ შსს-ში უთხრეს, რომ მათთან დაკავშირებით მონაცემებს აზუსტებენ.

რაც შეეხება დანარჩენ 19-ს, უწყებაში აცხადებენ, რომ მათ განმეორებით დაარღვიეს გადაადგილების შეზღუდვა და ამის გამო მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის წესით დაიწყო გამოძიება,  სსკ-ის 248 პრიმა მუხლით.

აღნიშნული მუხლი იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევას გულისხმობს და ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.